OPEC+-ის რამდენიმე ქვეყანა მაისიდან ნავთობის მოპოვებას ნებაყოფლობით შეამცირებს
საუდის არაბეთმა, რუსეთმა და OPEC+-ის ნავთობის ექსპორტიორმა სხვა ქვეყნებმა 2 აპრილს განაცხადეს, რომ ნავთობის მოპოვებას დღეში დაახლოებით 1.15 მილიონი ბარელით შეამცირებენ.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ წარმოებას დღეში 500 ათასი ბარელით შეამცირებს, არაბთა გაერთიანებული საემიროები - 144 ათასი, ერაყი - 211 ათასი , ქუვეითი - 128 ათასი, ყაზახეთი - 78 ათასი, ომანი - 40 ათასი და ალჟირი - 48 ათასი.
Reuters წერს, რომ წარმოების შემცირება მაისში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მარტიდან 2023 წლის ბოლომდე ნებაყოფლობით შეამცირებს წარმოებას დღეში 500 000 ბარელით.
წარმოების შემცირება ნავთობის ფასს გაზრდის
წარმოების დამატებითი ნებაყოფლობითი შემცირება მოულოდნელი ნაბიჯი იყო და Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ფასის მყისიერ ზრდას გამოიწვევს.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ წარმოების შემცირების მიზეზი "ნავთობის ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებაა."
როგორც Reuters აღნიშნავს, იმის გამო, რომ გლობალური საბანკო კრიზისი მოთხოვნას დაარტყამს, გასულ თვეში ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო 15 თვის ყველაზე დაბალი დონეა.
2022 წლის ოქტომბერში OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირეს. მაშინ ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ის ადმინისტრაციის უკმაყოფილება გამოიწვია. თეთრი სახლი ნავთობის დაბალი ფასების შენარჩუნების მომხრეა, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის დასაფინანსებლად მეტი შემოსავალი არ მიიღოს.