პალესტინის აღიარების პასუხად ისრაელი დასავლეთ ნაპირის ანექსიას განიხილავს

დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საპასუხოდ ისრაელის მთავრობა ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ანექსიას განიხილავს. 

არსებული ვითარება: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს - საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი ოკუპირებულად მიიჩნევა. ისრაელის მხრიდან ამ ტერიტორიის ანექსია კი ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად იქნება აღქმული. 

  • წყაროების ცნობით, ისრაელის სტრატეგიული საკითხების მინისტრმა, რონ დერმერმა ემანუელ მაკრონის მრჩეველთან, ანნ კლერ ლეჟანდრთან საუბარში თქვა, რომ ისრაელი დასავლეთ ნაპირის С-სექციის ანექსიას აპირებს - ე.წ. სექცია С დასავლეთ ნაპირის 60%-ს შეადგენს. 

  • გასულ კვირას, ისრაელის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი პალესტინის აღიარების საპასუხო ზომების განსაზღვრა იყო. 

  • წყაროების ცნობით, ანექსიას აქტიურად უჭერს მხარს სამთავრობო კოალიციაში შემავალი ულტრა-მემარჯვენე პარტიები, ასევე ებრაული ახალმოსახლეების ლობი ქნესეთში. 

დაეწიე ამბავს: დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და კანადის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სექტემბრის მიწურულს გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ. 

  • ამ დროისთვის პალესტინის სახელმწიფო აღიარებული აქვს 150 ქვეყანას. 

  • მოკავშირეების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ხოლო ისრაელის მთავრობა მათ შეკავებას პალესტინური ადმინისტრაციის შევიწროებით ცდილობს და აღიარების შემთხვევაში უფრო მკაცრი ნაბიჯებით იმუქრება. 

  • გასულ პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ არ მისცემენ ვიზებს პალესტინური ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გაეროს ასამბლეაზე სურთ დასწრება და გააუქმებენ ადრე გაცემულ ვიზებსაც. ნიუ-იორკში ჩასვლას ვერ შეძლებს პალესტინური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასიც. 

სტრიქონებს შორის: Axios-ის წყაროს ცნობით, ისრაელის მთავრობა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ხოლო რონ დერმერის მიერ ფრანგი კოლეგასთან გაჟღერებული გეგმა მათ შორის ყველაზე მაქსიმალისტურია. 

  • კიდევ ერთი ვარიანტი დასავლეთ ნაპირზე განლაგებული ებრაული ახალშენებისა და დამაკავშირებელი გზების ანექსიაა, რაც დასავლეთ ნაპირის 10%-ს გაუტოლდება. 
  • კიდევ ერთი ვარიანტი, ახალშენებისა და მათთან მისასვლელ გზებთან ერთად იორდანიის ხეობის ანექსიაა, რაც დასავლეთის ნაპირის 30%-ს შეადგენს. 

ჩაშლილად: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების შეფასებით, დასავლეთ ნაპირის ანექსიით ისრაელი დაარღვევს როგორც გაეროს წესდებას, ასევე ჟენევის კონვენციას. 

  • ევროპელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ანექსია ისრაელის მიმართ ევროკავშირის სანქციებს გამოიწვევს. 

  • არაბული წყაროების ცნობით, დასავლეთის ნაპირის ანექსიის შემდეგ რიგი არაბული ქვეყნები იძულებულები გახდებიან დააქვეითონ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ან განუსაზღვრელი ვადით შეაჩერონ ნორმალიზაციის პროცესი. 

კონტექსტი: დონალდ ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ორჯერ დაბლოკა ისრაელის მთავრობის ინიციატივა დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსირებასთან დაკავშირებით. 

  • პირველად 2020 წელს, როდესაც ნეთანიაჰუ დასავლეთ ნაპირის 30%-ის ანექსიას გეგმავდა, სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ისრაელ-პალესტინის დიდი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. 

  • "მე ძალიან გავბრაზდი და ეს გეგმა დავბლოკე, რადგანაც ეს ძალიან შორს მიდიოდა"- ამბობდა დონალდ ტრამპი 2021 წელს ბარაკ რავიდთან ინტერვიუში. 

  • მეორედ ნეთანიაჰუს მთავრობის მხრიდან ანექსიის გეგმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში დაბლოკა. 

  • დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიის სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს არაბთა გაერთიანებული სამეფოს შეიხთან ერთად ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ აბრაამის შეთანხმებებში გადაიზარდა. 

რასთან გვაქვს საქმე: Axios-ის წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუსთვის გადამწყვეტი 2020 წლის მსგავსად ამერიკელი პრეზიდენტის პოზიცია იქნება - მათი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ დროისთვის არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თეთრი სახლი ნეთანიაჰუს გეგმას დათანხმდება. 

მსგავსი სიახლეები