პენტაგონი: რუსეთის პრიორიტეტი დონბასის დაკავებაა
აშშ-ს თავდაცვის უწყებაში მორიგი ანონიმური ბრიფინგი გაიმართა. პენტაგონის მაღალჩინოსნის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლო მანევრების მიხედვით, ოკუპანტების ახალი პრიორიტეტი დონეცკის ოლქის სრულად დაკავებაა.
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ყველაზე აქტიურად ოკუპანტები ამ დროისთვის ხარკოვის რაიონში მოქმედებენ, სადაც ქალაქ იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ.
პენტაგონში ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ფოკუსირებას დონბასზე შესაძლოა რამდენიმე ახსნა ჰქონდეს:
- ადგილზე გამაგრებული უკრაინული შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევა და მათი მოწყვეტა დანარჩენი უკრაინისგან, ისე რომ მათ ვერ შეძლონ გადაადგილება სხვა ცხელ წერტილებში;
- ამ გზით რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს ახალი ქმედითი ბერკეტის მოპოვებას უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში;
- შესაძლოა საქმე გვქონდეს საომარი მოქმედებების მთლიანი სტრატეგიის ცვლილებასთან, რადგანაც ამ დრომდე ოკუპანტებს კიევზე შეტევის სერიოზული მცდელობები არ ჰქონიათ;
პენტაგონის ცნობით, რუსული არმიის ნაწილები ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრში დგანან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით დედაქალაქიდან 55 კილომეტრში.