პესკოვი: ამბოხიდან 5 დღის შემდეგ პუტინი პრიგოჟინს და მის მეთაურებს შეხვდა
კრემლის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინი 29 ივნისს ევგენი პრიგოჟინის და ვაგნერის მეთაურებს შეხვდა. მანამდე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა Liberation-მა გაავრცელა.
"პუტინმა შეხვედრაზე 35 მებრძოლი მოიწვია, ყველა მეთაური და კომპანიის ხელმძღვანელობა, მათ შორის იყო პრიგოჟინიც. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს გაიმართა და 3 საათს გაგრძელდა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ პრეზიდენტმა მისცა შეფასება ვაგნერის მოქმედებებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში და ასევე 24 ივნისს განვითარებულ მოვლენებს",- განაცხადა პესკოვმა.
პუტინის პრესსპიკერის თქმით, ვაგნერის მებრძოლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან სამშობლოსთვის ბრძოლა გააგრძელონ და წარმოადგინეს მოვლენების საკუთარი ვერსია. პესკოვი ამბობს, რომ პუტინმა ვაგნერელებს მათი მომავალი დასაქმების ვარიანტები შესთავაზა.
კონტექსტი
ამბოხის შემდეგ პუტინისა და პრიგოჟინის შეხვედრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ფრანგულმა La Liberation-მა გაავრცელა. გაზეთის ცნობით, პრიგოჟინი კრემლში პირველ ივლისს გამოიძახეს, სადაც ის პუტინის გარდა როსგვარდიის მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვსაც შეხვდა.
6 ივლისს უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელარუსის ტერიტორიაზე არ იმყოფება.