პოდოლიაკი: ბრაიანსკის რეგიონში განვითარებული მოვლენები რუსეთის პროვოკაციაა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ბრაიანსკის ოლქის ტერიტორიაზე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების შეღწევის შესახებ ცნობებს რუსეთის ხელისუფლების პროვოკაცია უწოდა.
"რუსეთში უკრაინელი დივერსანტების ისტორია კლასიკური პროვოკაციაა. სრულიად შეგნებულად. რუსეთს სურს შეაშინოს საკუთარი ხალხი, რათა როგორმე გაამართლოს სხვა ქვეყანაზე თავდასხმა და მზარდი სიღარიბე ომიდან ერთი წლის შემდეგ. იმავდროულად, პარტიზანული მოძრაობა რუსეთში უფროდაუფრო ძლიერი და აგრესიული ხდება. გეშინოდეთ საკუთარი პარტიზანების", - დაწერა მან Twitter-ზე.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, უკრაინიდან დივერსანტები ბრიანსკის ოლქის ორ სოფელში შევიდნენ და მძევლები აიყვანეს. ბრაიანსკის ოლქის ხელისუფლებამ და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა არ დაადასტურა ინფორმაცია მძევლების აყვანის შესახებ.
უკრაინული საზოგადოება უკიდურესად სკეპტიკურად გამოეხმაურა ამ ცნობებს - თითქმის ყველა, მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს, რის შესახებაც უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეები რამდენიმე კვირით ადრე გააფრთხილა.