პოლონეთის სასამართლო: კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე მაღლა დგას
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესი იურიდიული ძალის მქონედ გამოაცხადა.
„ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს [ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ორგანო] მცდელობა, ჩაერიოს პოლონეთის სამართლებრივ სისტემაში, არღვევს პოლონეთის კონსტიტუციის უზენაესობის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესში ეროვნული სუვერენულობის შენარჩუნების პრინციპს“, - წერია ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ამით პოლონეთის ხელისუფლებას საშუალება ეძლევა არ დაემორჩილოს ევროკავშირის კანონმდებლობის მისთვის არასასურველ ნორმებს, თუ პოლონეთის სასამართლოები მათ არაკონსტიტუციურობას აღიარებენ.
სადავო გადაწყვეტილებას ბრიუსელის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
„ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს კავშირის წევრ ქვეყნებში ხელშეკრულებების [Treaties - ევროკავშირის დამფუძნებელი აქტები] ერთგვაროვნად აღსასრულებლად“, - წერია ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში.
ანალიტიკოსები გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ დავა შესაძლოა სამართლებრივი Polexit-ით - პოლონეთის ევროკავშირის სამართლებრივი სივრციდან გასვლით - დასრულდეს.
ვარშავასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა 2017 წლის შემდეგ დაიძაბა, როცა ევროკომისიამ პოლონეთის კონსერვატორული მთავრობის გატარებული სასამართლო რეფორმა დაიწუნა „ხელისუფლების დანაწილების პრინციპის“ უგულებელყოფის გამო.