პოლონეთმა რუსეთის გავლენის შესახებ კანონის შესწორებული ვერსია მიიღო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ ოთხშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც სპეციალური კომისია იქმნება პოლონეთის პოლიტიკაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად.
ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
კრიტიკოსების თქმით, ეს კანონი არაკონსტიტუციურია და შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ.
მმართველმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" (PiS) კანონის შესწორებული ვერსია გასულ კვირას დაამტკიცა.
კანონი პარლამენტს ცხრაკაციანი კომისიის შექმნის უფლებას აძლევს, სადაც PiS-ს უმრავლესობა ექნება და რომელსაც ექნება წვდომა ყველა სამთავრობო უწყებასა და დოკუმენტზე, რათა გამოიძიოს რუსეთის გავლენა პოლონეთის პოლიტიკაში 2007-2022 წლებში.
ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
პოლონეთის ოპოზიცია, უპირველეს ყოვლისა, პარტია "სამოქალაქო პლატფორმა" და მისი ლიდერი დონალდ ტუსკი, თვლიან, რომ მმართველი პარტიის ინიციატივა მათ წინააღმდეგაა მიმართული.
ოპონენტების აზრით, კანონი შექმნილია იმისთვის, რომ დონალდ ტუსკი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოიშორონ ან ამომრჩევლების თვალში მისი დისკრედიტაცია მოახდინონ.
მზარდი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, დუდამ კანონის რამდენიმე შესწორება მიიღო და ზოგიერთი ყველაზე საკამათო დებულება გააუქმა. მათ შორის, სანქციები მოხსნა იმ ადამიანებზე, რომლებიც დროებითი კომისიის გამოძიებით რუსეთის გავლენის ქვეშ მოქმედებდნენ.
მაგრამ კომისიას შეეძლება წარმოადგინოს ნეგატიური მოსაზრება, უნდა დაიკავოს თუ არა კონკრეტულმა პოლიტიკოსმა საჯარო თანამდებობა.
მთავრობის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კომისია საჭიროა ისეთი საკითხების განხილვისთვის, როგორიცაა რუსეთიდან გაზის შესყიდვის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტრობისას მოეწერა.