ანტიისრაელური ლოზუნგის გამო, პრაღაში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია აკრძალეს
პრაღის მერიამ აკრძალა პრო-პალესტინური დემონსტრაცია, რომელზეც იგეგმებოდა ანტიისრაელური სლოგანის - "მდინარედან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება" - მხარდაჭერა.
პრაღაში აქცია სამშაბათს, 5 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ უნდა ჩატარებულიყო. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აქციის მიზანი იყო აღნიშნული სლოგანის მხარდაჭერა "მისი არაძალადობრივი, ორიგინალური ფორმით."
პრაღის მუნიციპალიტეტმა აღნიშნა, რომ ლოზუნგი "მდინარედან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება" ეხება ისრაელის სახელმწიფოს მდებარეობას მდინარე იორდანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის და დიდი ხანია გამოიყენება ისრაელის განადგურების მოწოდებად.
"სლოგანის მნიშვნელობა აღიქმება არა მხოლოდ როგორც რეგიონში ებრაული სუვერენიტეტის დასრულების ცალსახა მოთხოვნა, არამედ, როგორც მთლიანად რეგიონში ებრაული ეთნოსის ყოფნის სრული შეწყვეტა," - ნათქვამია აკრძალვის დასაბუთებაში.
გასულ თვეში, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიციასთან, პროკურატურასთან და პრაღის მუნიციპალიტეტთან შეთანხმდა, რომ სლოგანის "მდინარიდან ზღვამდე, პალესტინა თავისუფალი იქნება" გამოყენება გარკვეულ გარემოებებში შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.