პრესის თავისუფლების მისია: მედიას ესხმიან ფიზიკურად, სიტყვიერად, იურიდიულად და ფინანსურად

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრებმა საქართველოში ფაქტების დადგენის ორდღიანი მისია დაასრულეს.

განცხადებაში, რომელიც მისიამ დღეს, 2 ოქტომბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ცნობები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ სცილდება მედია პლურალიზმის ეროზიასა და პრესის თავისუფლების შელახვას.

განცხადებაში ხაზგასმულია მედიისთვის რუსული კანონისა და ანტი-ლგბტ კანონის მიღების შედეგები და ნათქვამია, რომ "ორივე კანონი აღიქმება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის იარაღები მედიაზე ზეწოლის განხორციელებისთვის" და იწვევს თვითცენზურას, ჟურნალისტური წყაროების დაშინებასა და მტრულ გარემოს მედიისთვის.

მისია ასევე ყურადღებას ამახვილებს მედიის პოლარიზაციაზე, ამის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დებატების ნაკლებობას ასახელებს და "გასცემს რეკომენდაციას, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა, საჯარო პირებმა და პარტიებმა არ გააძლიერონ ის და თავი შეიკავონ საზოგადოების ჯგუფებისა და საჯარო პირების გარიყვისგან".

განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში ჟურნალისტების სამუშაო გარემოს და წერია, რომ ქვეყანაში ამ პროფესიით დასაქმებულთათვის საქმიანობა საფრთხის შემცველი გახდა.

"ჟურნალისტებს ფიზიკურად, სიტყვიერ, სამართლებრივად და ფინანსურად ესხმიან თავს. ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო საქმიანობად იქცა.

ჟურნალისტები იმდენად არიან შეშფოთებულნი მათი უსაფრთხოებით, რომ ზოგიერთი მათგანი ჟურნალისტური დავალებების შესასრულებლად მარტო აღარ დადის. რამდენიმე გამოცემის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ტოვებენ ინდუსტრიას, ზოგი კი საზღვარგარეთ გადადის. გარდა ამისა, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი თავიანთ მედიას საზღვარგარეთ არეგისტრირებდნენ.

ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, მისიას აცნობეს ჟურნალისტების დაშინების მრავალი შემთხვევის შესახებ. მუქარაზე, მოკლევადიან დაკავებაზე, ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევის შემთხვევებსა და სოციალურ მედიაში მიზანმიმართული ცილისწამების კამპანიებზე თავად ჟურნალისტები და მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჰყვებიან.

თანამოსაუბრეები ასევე შეშფოთებულნი იყვნენ ჟურნალისტების და/ან მედიის "ანტიქართულად" მოხსენიებით ეროვნული სენტიმენტების ბოროტად გამოყენების გამო. მისია შეშფოთებულია, რომ "უცხოური გავლენის კანონი" ღრმად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ცეცხლზე ნავთს ასხამს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას მკვეთრად უთხრის ძირს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

მისია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი პირები, როგორც წესი, დაუსჯელები რჩებიან, რაც მათთვის კიდევ უფრო მტრულ კლიმატს ქმნის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღეს მკაფიო პასუხი, რა შეიძლება გაკეთდეს თავდასხმის დროს ჟურნალისტების დასაცავად.

მისია აღნიშნავს, რომ საქართველოში უკვე არსებობს დევნილი მედია, რომლებმაც რუსული კანონის გამო საზღვარგარეთ დარეგისტრირების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამას გარდა, ყურადღება გამახვილებულია ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზეც და პარლამენტში ჟურნალისტების არშეშვებაზე, ან მათთვის აკრედიტაციების შეჩერებაზე. ამასთან, ხაზგასმულია, რომ მედიის შესავიწროებლად გამოიყენება ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეები.

პრესის თავისუფლების მისია განცხადების ბოლოს 4 რეკომენდაციას გასცემს:

"1. გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემო. უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების გაშუქება დაბრკოლებისა და ჩარევის გარეშე.

2. უნდა გადაიხედოს მედიის კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს, უნდა გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და კანონი ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

3. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის საკანონმდებლო ბაზის სათანადო დანერგვა, განსაკუთრებული აქცენტით კანონზე ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიქმნას შესაბამისი ორგანოები, ამ კანონების ეფექტურ აღსრულების მხარდასაჭერად და ზედამხედველობისთვის.

4. საქართველოში ემიგრაციაში მყოფ უცხოელ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება და არ უნდა აეკრძალოთ ქვეყანაში შესვლა".

მისია შედგებოდა მედიის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია (EFJ), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ცენზურის ინდექსი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) - წევრებისგან.

მისია საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა და შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსს, კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებსა და დეპუტატებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაუწყებლების, ბეჭდვითი და ონლაინ მედიის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მისიამ მოითხოვა შეხვედრები იუსტიციისა და კულტურის სამინისტროს, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებთან. სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრები არ გამართულა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით კი მისიას პარლამენტის აპარატის უფროსი ესაუბრა.

მსგავსი სიახლეები