პუტინი: საუკეთესო გამოსავალია უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე
ვლადიმირ პუტინმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შექმნილი ვითარების საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა თუ უკრაინის ხელისუფლება თავად იტყოდა უარს ნატოში მისწრაფებაზე.
"საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კიევის დღევანდელი მთავრობა თავად იტყოდა უარს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ნეიტრალიტეტს მიემხრობოდა",- თქვა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინის განმარტებით, რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრებით აღიარა.
ამავდროულად, პუტინის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ყველა უთანხმოება გადაწყვეტილი იქნება მშვიდობიანად კიევსა და სეპარატისტულ რესპუბლიკებს შორის მოლაპარაკებების გზით.
პუტინი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ დროისთვის ამგვარი მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგან ადგილზე საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ ამავდროულად იმედი გამოთქვა, რომ სულ ასე არ გაგრძელდება.