ქრისტიან-დემოკრატების ახალ ლიდერს პარტიის ყველა წევრი აირჩევს

 

სამშაბათს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი ტრადიციას დაარღვევენ და ისტორიაში პირველად CDU-ს თავმჯდომარეს პარტიის ყველა წევრი აირჩევს.

"ახლა პარტიის წევრების ჯერია - თქვა ქრისტიან-დემოკრატების გენერალურმა მდივანმა პოლ ციემიაკმა - ნოემბრის შუა რიცხვებში CDU-ს ყველა წევრი მიიღებს წერილს, სადაც ახსნილი იქნება თავმჯდომარის არჩევის პროცედურა."

ქრისტიან-დემოკრატებმა გერმანიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე 24.1% მიიღეს. მათ 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 6.5 მილიონი ხმა დაკარგეს.

პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ მიანიშნა, რომ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერობიდან წასვლას აპირებს.

აქამდე CDU-ს ლიდერის არჩევნებში მხოლოდ 1001 დელეგატი მონაწილეობდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული ორგანიზაციები 2 წლით ირჩევდნენ. ახალ თავმჯდომარეს 400 000 წევრი აირჩევს.

ოფიციალურად პარტიის ლიდერობის სურვილი ჯერ არცერთ კანდიდატს არ გამოუთქვამს, თუმცა, გერმანულ მედიაში რამდენიმე პოლიტიკოსი განიხილება.

ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარეობის მთავარი პრეტენდენტი ანგელა მერკელის ხანგრძლივი ოპონენტი ფრიდრიხ მერცია, რომელიც პარტიის უფრო მემარჯვენე ფრთას მიეკუთვნება.

ერთ-ერთ კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი იენს შპანი მოიაზრება. შესაძლო კანდიდატია ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები