რას სთავაზობს უკრაინა რუსეთს - მოლაპარაკებების 10 პუნქტი

ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით უკრაინის მიერ რუსეთისთვის შეთავაზებულ 10 პუნქტს აქვეყნებს.

დღეს სტამბულში უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა, რომელიც მხარეებმა „ნაყოფიერად“ და „კონსტრუქციულად“ შეაფასეს.

გთავაზობთ უკრაინის წერილობითი შეთავაზებების ტექსტს სრულად.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სავარაუდოდ 29 მარტის საღამოს გაიმართება.

 


  1. საერთაშორისო გარანტიების ფარგლებში უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადება, რომლის მიზანი უკრაინის უბლოკო და არაატომური ქვეყნის სტატუსის დაფიქსირება იქნება. გარანტორი ქვეყნების სავარაუდო ჩამონათვალი: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი, იტალია, ისრაელი. გარანტორ სახელმწიფოებად შესაძლოა სხვა ქვეყნებიც მოიაზრებოდნენ.

  2. უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები ყირიმზე, სევასტოპოლსა და დონბასის ცალკეულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება. მხარეებს ამ რაიონების საზღვრების დადგენა ან იმაზე შეთანხმება მოუწევთ, რომ ორივე მხარეს საზღვრების საკითხის საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს.

  3. უკრაინა არავითარ სამხედრო ალიანსში არ შევა, საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებს და კონტინგენტებს არ განათავსებს. ქვეყანაში საერთაშორისო სამხედრო სწავლებები მხოლოდ გარანტორი ქვეყნების თანხმობით შეიძლება ჩატარდეს. თავის მხრივ, გარანტორი ქვეყნები ადასტურებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრების განზრახვას.

  4. გარანტორი ქვეყნები და უკრაინა თანხმდებიან, რომ უკრაინაზე აგრესიის, ნებისმიერი ფორმით შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ან გარანტორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის საომარი ოპერაციის შემთხვევაში მხარეებს შორის მყისიერად ჩატარდება კონსულტაციები (არა უმეტეს სამი დღისა). იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციები შედეგს ვერ გამოიღებს, გარანტორი ქვეყნები გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის ფარგლებში (ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვა) უკრაინას, როგორც მუდმივად ნეიტრალურ სახელმწიფოს, დახმარებას გაუწევენ (უკრაინის მიერ ოფიციალური მიმართვის საფუძველზე). დახმარება, ინდივიდუალური ან კოლექტიური ძალისხმევით, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს და შეიძლება მოიცავდეს უკრაინაში საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, საჭირო შეიარაღებით მომარაგებას და უკრაინის, როგორც მუდმივად ნეიტრალური ქვეყნის, უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სამხედრო ძალის გამოყენებას.

  5. უკრაინაზე ასეთი სახის თავდასხმის (ნებისმიერი სახის საომარი ოპერაციის) და ყველა მიღებული ზომის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გაეროს უშიშროების საბჭოს. ეს [გარანტორების მიერ დახმარების] ზომები შეწყდეს მაშინ, როცა უშიშროების საბჭო უკრაინაში საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ზომებს მიიღებს.

  6. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების რეალიზაციის მექანიზმი, უკრაინას და გარანტორ ქვეყნებს შორის დამატებითი კონსულტაციების შედეგად, მიღწეული ხელშეკრულებით უნდა დარეგულირდეს, ისე, რომ გათვალისწინებული იყოს შესაძლო პროვოკაციებისგან თავის დაცვა.

  7. შეთანხმება ძალაში დროებით შედის უკრაინის და ყველა გარანტორი ქვეყნის (ან მათი უმრავლესობის) ხელმოწერის შემდეგ. ხელშეკრულება [სრულად] ძალაში შევა მას შემდეგ, რაც უკრაინის ნეიტრალური სტატუსი უკრაინაში სახალხო რეფერენდუმზე დადასტურდება, უკრაინის კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორებები შევა და უკრაინის და გარანტორი ქვეყნების პარლამენტები შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენენ.

  8. შეთანხმება ყირიმთან და სევასტოპოლთან დაკავშირებულ საკითხებზე მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში რუსეთს და უკრაინას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას ითვალისწინებს. ასევე განიხილება, რომ უკრაინამ და რუსეთმა უარი თქვან ყირიმის და სევასტოპოლის საკითხის შეიარაღებული გზით გადაჭრაზე და პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელონ.

  9. მხარეები, სხვა გარანტორ ქვეყნებთან ერთად, შემდეგ საკითხებზე კონსულტაციების გაგრძელებაზე თანხმდებიან: უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების მომზადება და გაფორმება, ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების და სხვა სამხედრო ფორმირებების გამოყვანა, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და ფუნქციონირება მუდმივ რეჟიმში, მოკლულების ცხედრების გაცვლა, სამხედრო ტყვეების და დატყვევებული სამოქალაქო პირების გათავისუფლება.

  10. მხარეები რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას შესაძლებლად თვლიან ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით ან/და გადაუჭრელი საკითხების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

მსგავსი სიახლეები