რასმუსენი: ტრამპის კანდიდატად ნომინირება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირება "გეოპოლიტიკური კატასტროფა" იქნება, რადგან მას შეუძლია გავლენა მოახდინოს საერთაშორისო საკითხებზე, როგორიცაა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.
რასმუსენმა Politico-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ 2024 წელს რესპუბლიკელების მიერ ტრამპის ნომინირება უკრაინის მხარდაჭერას ძირს გამოუთხრის.
"მე ამას გეოპოლიტიკურ კატასტროფას ვუწოდებ, თუკი ტრამპი დასახელდება, რადგან კამპანიაზე მისი გავლენა დამღუპველი იქნება", - თქვა მან.
რასმუსენმა თქვა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა უკრაინისადმი აშშ-ს მხარდაჭერის "შესუსტება" და ტრამპის დასახელებამ შეიძლება ეს პროცესი დააჩქაროს.
წინა თვეში გამოქვეყნებული Fox News-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა ნახევარს სჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მხარი იმდენად უნდა დაუჭიროს, "რამდენიც სჭირდება" გამარჯვებას, მაგრამ რესპუბლიკელთა უმრავლესობას სურს დახმარების განსაზღვრული ვადა იხილოს.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რესპუბლიკური პარტია კანდიდატად დაასახელებს ვინმეს, ვინც უფრო მეტად არის მიბმული "ამერიკის გლობალურ ლიდერობასთან, ვიდრე ტრამპი და ტრამპიზმი."
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელიც 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობაზე ტრამპის შესაძლო კონკურენტად ითვლებოდა, შეუერთდა ტრამპს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ეჭვების გამოთქმაში და უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტს "ტერიტორიულ დავა" უწოდა.
უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების გამო, დესანტისი რესპუბლიკელი სენატორების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა.