Reuters: ბრიუსელი უნგრეთს და სლოვაკეთს რუსული ნავთობის ემბარგოზე შეღავათს შესთავაზებს
ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტით, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს, შესაძლოა უნგრეთს და სლოვაკეთს შეღავათი შესთავაზონ, აცხადებს ევროკომისიის ორი მაღალჩინოსანი Reuters-თან ინტერვიუში.
უნგრეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შემოტანაზე სანქციების დადების ნებისმიერ მცდელობას ვეტოს დაადებს.
ევროკავშირში სანქციების ასამოქმედებლად 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
შეღავათის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ემბარგო ყოვლისმომცველი არ იქნება და რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვების „ეტაპობრივ“ გამოცხადებას ითვალისწინებს.
ანალიტიკოსები ამის მიზეზად ევროპის რუსულ ენერგო-რესურსებზე მაღალ დამოკიდებულებას ასახელებენ.
ევროკავშირს მოხმარებული ნავთობის მეოთხედი რუსეთიდან შემოაქვს.
სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ნავთობზე, შესაბამისად, 96 და 58 პროცენტით არიან დამოკიდებული.
24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა მოსკოვს ენერგო-რესურსების შესაძენად 20 მილიარდამდე ევრო გადაუხადეს.