ბლინკენი და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რიადში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდს შეხვდა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ბლინკენმა ხაზი გაუსვა რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმების შეჩერების აუცილებლობას, რომელიც შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული.
სახელმწიფო მდივანმა და მინისტრმა განიხილეს რეგიონალურ პარტნიორებთან შემდგომი ურთიერთქმედება, რათა თავიდან აიცილონ კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გავრცელება. მხარეებმა ასევე განიხილეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ზომები.
ბლინკენის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. სამეფოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს ამ საკითხზე დიპლომატიური კონსულტაციების "პაუზის" შესახებ შეატყობინა, ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის გამო.
ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-თან საუბარში აღნიშნა, რომ თეთრი სახლი აგრძელებს კონტაქტების შენარჩუნებას რიადთან, მათ შორის ისრაელის გარშემო არსებულ ვითარებაზე.
მანამდე საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებაზე ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა. წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამეფო მზად არის თავიდან აიცილოს რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია. ამის მისაღწევად რიადი, სხვა საკითხებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა ირანთან, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს.