რუს ოპოზიციონერ კარა-მურზას ბრალი არმიაზე ‘ფეიკების’ გავრცელებისთვის წაუყენეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალი რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ (ყალბი ინფორმაციის) გავრცელებაში დასდეს.

ინფორმაციას კარა-მურზას ადვოკატი ვადიმ პროხოროვი ავრცელებს.

კარა-მურზა 12 აპრილს მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

ხამოვნის რაიონულმა სასამართლომ თავდაპირველად მას „პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის“ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია Avtozak LIVE-ის თანახმად, კარა-მურზას სახლთან ამომცნობი ნიშნების გარეშე თეთრი ფურგონი დახვდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომისდ აწყების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ანტისაომარი კომიტეტი დააფუძნა, რომლის მიზანი სამხედრო აგრესიის მიმართ პროტესტის მობილიზაციაა.

კარა-მურზა 2015 და 2017 წელს მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

საგამოძიებო ორგანიზაცია Bellingcat-ის მტკიცებით, მას ФСБ-ს იმავე თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, ვინც შემდგომში ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან იყო დაკავშირებული.

4 მარტს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა სამხედრო ცენზურის კანონს, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები