რუსეთის დუმის წევრმა ბიზნესს რეკომენდაცია მისცა საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინონ
3 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა რუსულ კორპორაციებს შესთავაზა თავად შეიძინონ საჰაერო თავდაცვის სისტემები. მას Moscow Times ციტირებს.
"არსებობს საკმაოდ იაფი საშუალებები უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად, რომლებიც ყველა თავმოყვარე კორპორაციას შეუძლია შეიძინოს და თავის ობიექტებთან განათავსოს", - აღნიშნა მან.
კარტაპოლოვის თქმით, ტერიტორიები, სადაც რუსული საჰაერო თავდაცვაა განთავსებული, ცნობილია როგორც ნატოს დაზვერვისთვის, ასევე უკრაინელი სამხედროებისთვის.
"ანუ დაახლოებით იციან სად მდებარეობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები და სავსებით შესაძლებელია დრონის ისეთი მარშრუტით გაშვება, რომ მან გაიაროს საჰაერო თავდაცვის მიერ დაცული ზონების გვერდის ავლით", - განაცხადა კარტაპოლოვმა.
დეპუტატის თქმით, ბიზნესის ასეთი წვლილი უსაფრთხოებაში ხელს შეუწყობს ნავთობის საცავების, გაზგამანაწილებელი სადგურების, ელექტროსადგურების, ხიდების, ესტაკადების და ქარხნების დაცვას.