რუსეთის გასაგები გრძნობები ნატოზე, პანამა, გრენლანდია - ტრამპის გამოსვლის აქცენტები

კონგრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების სერტიფიცირების შემდეგ, აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში პირველი პრესკონფერენცია გამართა. 

ტრამპის გამოსვლის დიდი ნაწილი შიდა საქმეებზე საუბარს დაეთმო, მათ შორის სამხრეთ საზღვარზე შექმნილი კრიზისს, ასევე, ჯო ბაიდენის მიერ წყნარი ოკეანის შელფზე ნავთობის მოპოვების აკრძალვისა და სხვა ე.წ. მწვანე რეგულაციების კრიტიკას. 

დონალდ ტრამპმა ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო თემებზე და ჟურნალისტების კითხვასაც უპასუხა. 

რეალპოლიტიკა გთავაზობთ დონალდ ტრამპის გამოსვლის მთავარ აქცენტებს. 

უკრაინა

დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზად ბაიდენის ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა დაასახელა და განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს გაბედავდა უკრაინაში შეჭრას. 

ასევე კონფლიქტის მიზეზებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის პრობლემის არსებითი ნაწილი იყო ბევრი წლის განმავლობაში. 

"სიმართლე გითხრათ, მე ვიცი, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება და შემდეგ ბაიდენმა ეს შეთანხმება დაარღვია. მათ ჰქონდათ შეთანხმება, რომელიც ყველას აკმაყოფილებდა, უკრაინასაც, მაგრამ შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა შეძლებოდა ნატოში გაწევრიანება"- განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპმა განმარტა, რომ მისთვის "გასაგებია რუსეთის გრძნობები ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველთვის გასაგები იყო."

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა კონფლიქტის დარეგულირების ვადებზეც და განაცხადა, რომ იმედი აქვს, რომ ომი მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეჩერდება. 

ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ტრამპმა განაცხადა, რომ ამგვარი შეხვედრა ინაგურუაციამდე შეუსაბამოდ მიაჩნია, თუმცა კურსშია, რომ პუტინს სურს მასთან შეხვედრა. 

ნატო

ტრამპის თქმით, "არავის გაუკეთებია უფრო მეტი ალიანსისთვის, ვიდრე მას" და რომ არა მისი ზეწოლა მოკავშირეებზე გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები ალიანსი დღეს არ იარსებებდა. 

ამასთანავე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ამერიკისთვის და ჯამური ეკონომიკური პარიტეტის მიუხედავად ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ბევრაფ უფრო მეტია, ვიდრე ევროპული სახელმწიფოების. 

ტრამპის თქმით, თავდაცვის ხარჯები ნატოს წევრ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს უნდა შეადგენდეს. 

პანამა

დონალდ ტრამპმა ბევრი ისაუბრა პანამის არხზეც და განაცხადა, რომ იქ შექმნილი ვითარება მიუღებელია, რადგანაც ჩინური გემები უსამართლო შეღავათებით სარგებლობენ, როდესაც ამერიკის ეკონომიკური ინტერესები იჩაგრება.

ტრამპი ამბობს, რომ არ შეეგუება ასეთ ვითარებას და მის შესაცვლელად არც სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხა. 

ამასთანავე ტრამპმა ბევრი ისაუბრა მექსიკასთან ურთიერთობებზე, მათ შორის სავაჭრო დეფიციტზე და დასძინა, რომ მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლიდა და მისი ინაუგურაციის დღიდან ის ამერიკის ყურე გახდებოდა. 

გრენლანდია 

მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა ტრამპმა გრენლანდიის შესახებ - მისი თქმით, დანიამ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიაზე რადგანაც ის ამერიკას ეროვნული უსაფრთხოებისა და მსოფლიოში თავისუფლების დასაცავად სჭირდება. 

ტრამპის თქმით, გრენლანდიის ირგვლივ უკონტროლოდ მოძრაობენ ჩინური და რუსული გემები და საჭიროა ვითარების შეცვლა. აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა ეკონომიკური წნეხისა და სამხედრო ბერკეტების გამოყენება ამ მიზნით. 

ახლო აღმოსავლეთი

ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დატრიალდება თუ ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს, თუმცა დასძინა, რომ ამ კუთხით აქტიური მუშაობა გრძელდება.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში არ იყო დიდი ომები დღეს კი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი ომშია გახვეული. 

ტრამპმა უარი თქვა პირდაპირ ეპასუხა კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს სამხედრო ნაბიჯებს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. 

 

 

მსგავსი სიახლეები