რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინაზე ახალ შეტევაზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ - Reuters
რუსეთში უკრაინაში ახალი შეტევითი ოპერაციების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც არსებობენ. ამის შესახებ Reuters აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, რომელსაც სააგენტო ციტირებს, რუსეთში "წინააღმდეგობრივი" შეხედულებებია უკრაინაში ახალი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით.
Reuters ციტირებს ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სცენარს აირჩევს რუსეთის ფედერაცია.
რუსეთის შიგნით შეტევის მომხრე ძალების გარდა, არსებობენ სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, რომლებსაც "რეალური ეჭვი" აქვთ, რამდენად შეუძლია რუსეთს წარმატებული შეტევის დაწყება.
ოფიციალური პირის თქმით, ეჭვები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ რუსეთი განიცდის საბრძოლო მასალის "მნიშვნელოვან დეფიციტს", რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ფრონტის ხაზზე. გარდა ამისა, შემოდგომაზე მობილიზებული რუსი ოკუპანტებისაგან ვერ მოხერხდა "მყარი" დანაყოფების შექმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს და სხვა გამოწვევები, რომლებიც ოკუპანტების წინაშე დგას, "გარკვეულ ჩარჩოში აქცევს" იმას, რისი გაკეთებაც შეიძლება საბოლოოდ სურდეს რუსეთს.