რუსეთის კონტრიერიშის შედეგად კურსკში ЗСУ-ს კონტროლის ზონა მცირდება - ანალიზი

უქმეებზე რუსეთის არმიამ კურსკის ოლქში მასშტაბური კონტრიერიში წამოიწყო - ფრონტის ხაზიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით, იერიშის შედეგად უკრაინის კონტროლის ზონა მნიშვნელოვნად შემცირდა. 

გასულ დღეებში კურსკის ფრონტზე განვითარებულ საომარ მოქმედებებზე ანალიტიკურ ჩანაწერს აქვეყნებს ფინელი სამხედრო ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმი. 

გთავაზობთ თარგმანს. 

რუსეთის არმია კურსკში უკრაინის შეიარაღებული პლაცდარმის მიმართულებებით პირველი კონტრშეტევები სექტემბერში წამოიწყო. მათი პირველი წარმატება გლუშკოვოდან კორონევოს მიმართულებით გზის დებლოკირება იყო, რაც უკრაინელებისთვის საკმაოდ პრობლემური გახდა. 

ეს რუსეთის მხრიდან პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, რომელიც რაღაც ეტაპზე უნდა მომხდარიყო - ამან შეამცირა უკრაინელების მხრიდან კორონევოს მეზობელი გლუშკოვოს რაიონის იზოლირებისა და მდინარე სეიმის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის დაკავების შანსი, რადგანაც ამის შემდეგ გლუშკოვოს რაიონში მოქმედი დანაყოფების მომარაგების ახალი გზა გაჩნდა და ლოჯისტიკა აღარ იყო დამოკიდებული მხოლოდ პონტონურ გადასასვლელებზე. 

მიუხედავად ამისა, გლუშკოვოს სრულად დაკარგვის რისკი რუსებისთვის იმთავითვე დაბალი იყო, მათ ხელს არსებული შესაძლებლობებით არ უნდა გაჭირვებოდათ მდინარის სამხრეთით მდებარე მოზრდილი პლაცდარმის შენარჩუნება და მომარაგება. 

აქედან მალევე, რუსებმა გაზარდეს წნეხი პლაცდარმის აღმოსავლეთ ფლანგზე, უკრაინელებმა დაკარგეს სოფელი ბორკი და რიგი პოზიციები სხვაგან, თუმცა შეინარჩუნეს სოფელი პლეხოვო. გაცილებით უფრო დრამატული იყო ცვლილებები პლაცდარმის დასავლეთ ფლანგზე. 

გასულ დღეებში რუსეთის არმიის წინსვლამ დასავლეთის ფლანგზე იმატა, მათ სოფელ ზელიონო შლახამდეც მიაღწიეს და აგვისტოში დაკარგული საფორტიფიკაციო ნაგებობებიც დაიბრუნეს, თუმცა ბოლომდე გაურკვეველია რომელი მხარე აკონტროლებს ზოგ პოზიციებს. 

ვითარების სტაბილიზაცია რთულად წარმოსადგენია, უკრაინის არმიის კონტროლის ზონა სექტემბრის დასაწყისთან შედარებით მესამედით შემცირდა - 1 000 კვადრატული კილომეტრიდან 700 კვადრატულ კილომეტრამდე. ჯერ კიდევ გაურკვეველია რა ხდება სოფელ ოლგოვკაში, მაგრამ ტრენდი მკაფიოა: დიდი ტერიტორია დაიკარგა. 

პლაცდარმის დასავლეთ ფლანგზე ЗСУ-ს პრობლემას უქმნის ადგილის რელიეფი - აქა-იქ არის პატარ-პატარა ტყეები და მწვანე საფარი, თუმცა ძირითადად ღია მინდვრები დომინირებს, მწირი ბუნებრივი საფარით. განსაკუთრებით საფორტიფიკაციო ნაგებობის გარეშე, ასეთი ტერიტორიის დაცვა რთულია. 

ტერიტორიის სიდიდე საშუალებას აძლევს რუსულ დრონებს უწყვეტად დააკვირდნენ ბრძოლის ველს, ხოლო მათი მთავარი პრიორიტეტი საინჟინრო ტექნიკის განადგურებაა. შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით არ გვინახავს ბევრი უკრაინული ფორტიფიკაცია ამ რაიონში. 

რუსეთის კონტრიერიშის პარალელურად უკრაინელებმა დაიწყეს გლუშკოვოში საზღვრის გარღვევის მცდელობები, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მას შემდეგ ხდებოდა, რაც რუსეთმა გაჭრა კორონევოს და გლუშკოვოს დამაკავშირებელი გზა. ბოლომდე გაუგებარია, თუ რატომ ფიქრობდნენ უკრაინელები, რომ ეს ოპერაცია წარმატებული იქნებოდა. 

გლუშკოვოს მიმართულებით შეტევებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. უკრაინელებმა შეძლეს საზღვრის წვრილი მონაკვეთის დაძლევა და რამდენიმე სოფელიც დაიკავეს, მაგრამ წინსვლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. მკვეთრი ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა. 

მომდევნო დღეებში შევეცდებით კურსკის ოპერაციის ანალიზი განსხვავებული კუთხიდან შემოგთავაზოთ: კვლავ მიმაჩნია, რომ ეს არ ყოფილა დიდი წარმატება უკრაინისთვის. 

მსგავსი სიახლეები