რუსეთის სახელმწიფო დუმის ორი დეპუტატი ერთ დღეში გარდაიცვალა
რუსეთის სახელმწიფო დუმაში პუტინის "ერთიანი რუსეთის" ორი დეპუტატი გარდაიცვალა. ამის შესახებ Радио Свобода წერს.
კვირას დილით გავრცელდა ინფორმაცია ლიპეცკის ოლქის დეპუტატის, ნიკოლაი ბორცოვის გარდაცვალების შესახებ. 77 წლის ბორცოვის გარდაცვალებაზე ლიპეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა. გარდაცვალების მიზეზები არ სახელდება.
ბორცოვი თითქმის 20 წელი იყო დეპუტატი, მუშაობდა ხუთ მოწვევის დუმაში. ის Forbes-ის უმდიდრესი რუსების სიაში და ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფო მოხელეების Top 100-ში მოხვდა. ბორცოვი, ისევე როგორც სათათბიროს დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო.
დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ცნობა სახელმწიფო სათათბიროს კიდევ ერთი დეპუტატის - ჯაშარბეკ უზდენოვის გარდაცვალების შესახებ. ის ყარაჩაი-ჩერქეზეთს წარმოადგენდა და დეპუტატი 2021 წლის სექტემბრიდან იყო. უზდენოვი 56 წლის იყო. პუტინის "ერთიანი რუსეთის" ფრაქციის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ვასილიევმა მისი გარდაცვალების მიზეზად "მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა" დაასახელა.
სახელმწიფო სათათბიროს ამჟამინდელმა, მერვე მოწვევამ მუშობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. აქამდე ამ მოწვევის დუმაში ორი დეპუტატი იყო გარდაცვლილი, მათ შორის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი.