რუსეთის ცესკომ ბორის ნადეჟდინი საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა

რუსეთის ცენტრალურლმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა - ცოტა ხნით ადრე, კომისიამ ნადეჟდინის მიერ წარდგენილ ხელმოწერებში 15%-იანი ნაკლი აღმოაჩინა. 

სწორედ ხელმოწერებში არსებული ნაკლი გახდა ნადეჟდინის არ დარეგისტრირების ფორმალური მიზეზი. ბორის ნადეჟდინის თქმით, ის ცესკოს გადაწყვეტილებას უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

რუსეთის ცესკოს ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, ნადეჟდინის მიერ წარდგენილ ხელმოწერებში აღმოაჩინეს მკვდარი სულები. პამფილოვას თქმით, ამგვარად ცნობილია, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენში სულ 4 კანდიდატი იქნება. 

კონტექსტი

ნადეჟდინი საპრეზიდენტო არჩევნებში არასაპარლამენტო პარტია სამოქალაქო ინიციტიავის წარდგენით მონაწილეობდა. რუსეთის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბმა ცესკოს 100 ათასი ხელმოწერა უნდა წარუდგინოს. 

ნადეჟდინის შტაბში აცხადებდნენ, რომ მათ ჯამში 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, თუმცა ცესკოს 105 ათასი "იდეალური" ხელმოწერა გადასცეს. 

5 თებერვალს ცესკოს ნადეჟდინის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ წარდგენილ ხელმოწერებში 15% წუნიანი იყო, მაქსიმალურად დაშვებული ზედა ზღვარი კი 5%-ს შეადგენს. 

დუმის ყოფილი დეპუტატის, ბორის ნადეჟდინის საპრეზიდენტო კამპანია გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. 1990-იანი წლებში ნადეჟდინი მოკლული ბორის ნემცოვის თანაშემწედ მუშაობდა. გარდა ამისა 1990-იანი წლების მიწურულს ნადეჟდინი იმდროინდელი პრემიერის, სერგეი კირიენკოს მრჩეველის პოსტსაც იკავებდა. 

ბოლო წლებში კირიენკო კრემლის შიდა პოლიტიკური ბლოკის კურატორია, თუმცა მისი თქმით, ნადეჟდინთან ურთიერთობა ბევრი წელია არ ჰქონია. სწორედ ნემცოვისა და კირიენკოს პარტია მემარჯვენე ძალების კავშირის სიით გავიდა ნადეჟდინი რუსეთის სახელმწიფო დუმაში, თუმცა იქ მხოლოდ 1 მოწვევით გაძლო. 

უკვე 2012 წელს ნადეჟდინმა კრემლის მიმართ ლოიალური პარტია სამართლიანი რუსეთის ლიდერის, სერგეი მირონოვის ნდობით აღჭურვილ პირად დარეგისტრირდა. მოგვიანებით თავად ნადეჟდინის თქმით, ტროლინგის მიზნით მონაწილეობდა რუსეთის მმართველი პარტიის პრაიმერისში. 

ბოლო წლებში ნადეჟდინი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის პროპაგანდისტულ შოუებში, სადაც ლიბერალურად განწყობილი ექსპერტს ფუნქციას ასრულებდა. 

მიუხედავად ამისა, ნადეჟდინი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელმაც ღიად დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსეთის ფატალური შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ პუტინს ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყვას. 

თავდაპირველად ნადეჟდინის კამპანიას დიდი ყურადღება არ მიუპყრია, თუმცა უკვე იანვრის ბოლოს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში კანდიდატის რეგისტრირებისთვის ხელმოწერების შეკრების პუნქტებზე რიგები გამოჩნდა. ნადეჟდინის კამპანიამ რუსეთის ემიგრირებული პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ყურადღება მიიქცია, რის შემდეგაც ისინი პოლიტიკოსის კამპანიაში ჩაერთვნენ. 

ემიგრირებული ოპოზიციონერების თქმით, ნადეჟდინის მხარდაჭერა ომის წინააღმდეგ ლეგალური პროტესტის ფორმა გახდა. 

 

მსგავსი სიახლეები