რუსეთმა საბიუჯეტო ხარჯების მესამედი გაასაიდუმლოვა
რუსეთი საბიუჯეტო ხარჯების მესამედზე, 2.4 ტრილიონ რუბლზე ($31 მილიარდი) ინფორმაციას არ ავრცელებს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. ამის შესახებ 28 მარტს, Bloomberg რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო სისტემის ერთიან პორტალზე დაყრდნობით წერს.
ეკონომისტი ოლექსანდრა სუსლინა აცხადებს, რომ საიდუმლო ხარჯების რეკორდულად მაღალი წილი მიუთითებს უკრაინის ომთან დაკავშირებული ხარჯების ზრდაზე. ის ვარაუდობს, რომ ფული შეიძლება იხარჯებოდეს როგორც ომზე, ასევე ანექსირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე.
24 მარტისთვის თავდაცვის ხარჯებმა 531 მილიარდ რუბლს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. უსაფრთხოების მიზნებისთვის კი კიდევ 379 მილიარდი რუბლი დაიხარჯა. ეს ხარჯები სოციალური პროგრამების შემდეგ მეორე ადგილზეა. ამასთან, განათლებისა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ოდნავ გაიზარდა, ხოლო ეკონომიკაზე და სოციალურ პროგრამებზე გაწეული ხარჯები არ შეცვლილა.
2023 წლის 22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა შეაჩეროს ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნება. ერთ-ერთი ცვლილება მთავრობას საშუალებას მისცემს რუსეთის სტატისტიკის სამსახურის სტატისტიკაზე წვდომა საკუთარი შეხედულებისამებრ შეზღუდოს.