რუსეთმა ირანიდან ასობით დრონი მიიღო - AP
ირანმა რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. ამის შესახებ დასავლური დაზვერვის წარმომადგენლებმა ანონიმურობის პირობით განაცხადეს, წერს 26 აგვისტოს Associated Press.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანული უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთს თეირანმა აშშ-ს გაფრთხილების მიუხედავად მიაწოდა.
ჯერ უცნობია, დაიწყო თუ არა რუსეთის ფედერაციამ დრონების გამოყენება უკრაინაში, მაგრამ თვითმფრინავები, როგორც ჩანს, ფუნქციონირებს, განაცხადეს დაზვერვის წარმომადგენლებმა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს ირანს, როგორც მთავარ პარტნიორს და იარაღის მიმწოდებელს, აღნიშნავს Associated Press.
ლიბანელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ელია მაგიერმა წყაროებზე დაყრდნობით 13 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა 1000 დამრტყმელი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის შეძენაზე ირანთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
მისივე თქმით, შეთანხმებას ხელი მას შემდეგ მოეწერა, რაც რუსი სპეციალისტები ირანში დრონების მართვაში გადამზადდნენ.