რუსეთმა ნავთობის მოპოვების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა

პირველ კვარტალში ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რუსეთის ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ანგარიში არ მოიცავდა მონაცემებს რუსეთში ნავთობის მოპოვებაზე.

ამის შესახებ გამოცემა Коммерсант წერს.

ამავდროულად, სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ნავთობის მოპოვების მონაცემები 2023 წლის იანვარსა და თებერვალში, ასევე 2022 წლის დეკემბრის და მთელი გასული წლის სტატისტიკა.

კონდენსატის გათვალისწინებით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, რუსეთში ნავთობის მოპოვება 8.5%-ით - 42.1 მილიონ ტონამდე შემცირდა, ამავდროულად, ბარელებში საშუალო დღიური მოპოვება 1.3%-ით გაიზარდა და 11.02 მილიონი ბარელი შეადგინა.

ამავდროულად, სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მარტში რუსეთში გაზის მოპოვება 49.8 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა, რაც 15.3%-ით ნაკლებია 2022 წლის მარტთან შედარებით, მაგრამ 6.4%-ით მეტი 2023 წლის თებერვალთან შედარებით.

მთლიანობაში, პირველ კვარტალში რუსეთში 149 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოეს, რაც 14.1%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები