რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კურსკში ათასობით სამხედრო გაიყვანა - CNN

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კურსკის რეგიონში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაიყვანა, რათა უკრაინის წარმატებული შეტევა შეაჩეროს.

ამის შესახებ CNN ორ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

ამერიკელი ოფიციალური პირები ახლა მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამდენი ჯარისკაცი გამოიყვანა უკრაინიდან რუსეთმა.

მაგრამ წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციამ კურსკის რეგიონში რამდენიმე, სულ მცირე, 1000-კაციანი ბრიგადა გადაისროლა.

"ჩვენთვის ნათელია, რომ პუტინს და რუს სამხედროებს გადააქვთ გარკვეული რესურსები, ზოგიერთი ქვედანაყოფი კურსკის რეგიონში, რათა დაუპირისპირდნენ იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ," - თქვა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა "არ ნიშნავს, რომ პუტინმა შეწყვიტა სამხედრო ოპერაციები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ან თუნდაც სამხრეთში, ისეთი ქალაქებისკენ, როგორიც არის ზაპოროჟიე. ამ ფრონტზე კვლავ აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს,"- აღნიშნა მან.

დასავლური დაზვერვიდან ორი სხვა წყარო CNN-თან აცხადებს, რომ რუსეთი ჯერ არ გადაიყვანს თავის უფრო დიდ, უკეთ გაწვრთნილ დანაყოფებს უკრაინიდან კურსკის რეგიონში.

ერთ-ერთმა ამ წყარომ თქვა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აძლიერებს კურსკის რეგიონის თავდაცვას, ძირითადად, რუსეთის სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოუმზადებელი წვევამდელებით.

"ჩვენ ჯერ არ გვინახავს (რუსული ჯარების) მნიშვნელოვანი გადაადგილება და ვერ ვიტყვით, ეს ხდება თუ არა იმიტომ, რომ ისინი ახლა იწყებენ ჯარების გადაადგილებას, თუ უბრალოდ არ აქვთ ძალა გადანაწილებისთვის,"- თქვა ერთმა წყარომ. 

უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების გარდა, რუსეთმა ასევე პერსონალი კურსკში ლენინგრადის სამხედრო ოლქიდან და კალინინგრადიდან გაგზავნა.

ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ასევე გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ უკრაინას, რომელმაც თავისი ყველაზე გამოცდილი ძალები გაგზავნა კურსკის რეგიონში, შესაძლოა პრობლემები საკუთარ ფრონტზე შეექმნას.

მსგავსი სიახლეები