რუსეთმა შესაძლოა 10 დღეში უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს - Financial Times
რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევა უახლოესი 10 დღის განმავლობაში დაიწყოს. ამის შესახებ Financial Times 5 თებერვალს, ანონიმურ უკრაინელ სამხედრო მრჩეველზე დაყრდნობით წერს.
მან გამოცემას უთხრა, რომ კიევს აქვს "ძალიან სანდო ინფორმაცია რუსეთის განზრახვების შესახებ."
გამოცემა წერს, რომ ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილი, კრემენნაიასა და ლიმანის მიდამოებში, შესაძლოა ახალი თავდასხმის ადგილი გახდეს, რადგან რუსეთი უკვე რამდენიმე კვირაა იქ ჯარებს აგროვებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 თებერვალს საღამოს გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებს სურთ თებერვალში სცადონ "გასული წლის დამარცხების ანაზღაურება".
"დონეცკის რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა - სასტიკი ბრძოლები. მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს და როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს, უნდა გავუძლოთ." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევი რუსებისგან შესაძლო შეტევას სრულმასშტაბიანი შემოჭრის წლისთავზე ელოდება, რადგან "მათ [რუსებს] უყვართ სიმბოლიზმი."
2 თებერვალს, უკრაინის დაზვერვის სპიკერმა ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიების მარტამდე სრულად დაკავების ბრძანება გასცა.