რუსეთს კიდევ 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის დამატება სურს - Bloomberg
რუსეთი 2023 წლის განმავლობაში უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად 400 000-მდე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის დაკომპლექტებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg 24 მარტს, წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამით კრემლი მორიგი იძულებითი მობილიზაციის თავიდან აცილებას მოელის. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ფონზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სურს მობილიზაციის განახლება, რადგან ამან "მოსახლეობის ნდობა შეარყია."
Bloomberg წერს, რომ კონტრაქტორების დაქირავების კამპანია უკვე დაწყებულია და რეგიონულმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს კვოტები და დაიწყეს ინფორმაციის გაგზავნა პოტენციური მოხალისეებისთვის. უპირველეს ყოვლისა, საკონტრაქტო სამსახურს სთავაზობენ სოფლის მცხოვრებლებს და ომების ვეტერანებს.
ამასთან, სააგენტოს რამდენიმე წყარო აღიარებს, რომ 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის მოზიდვა მიუღწეველია. მობილიზაციის დროს რუსეთის ხელისუფლებამ 300 ათასამდე ადამიანი გაიწვია.
SOTA: მოსკოვის მერიას 27 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის მოზიდვა დაევალა
იმავდროულად, SOTA-ს ცნობით, მოსკოვის ხელისუფლებამ უკვე მიიღო დავალება ომში მონაწილეობის მისაღებად 27 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის მოზიდვის შესახებ.
"ჯერჯერობით სამხედროები ნებაყოფლობით უნდა დაკომპლექტდნენ, მაგრამ მერიაში დარწმუნებული არიან, რომ თუ ეს ამოცანა ვერ შესრულდა, მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყება", - წერს SOTA.
გამოცემის ცნობით, მოხალისეების დაკომპლექტებაზე პასუხისმგებელ პირებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია ბენეფიტებისა და ხელფასების შესახებ, რომელიც შემოთავაზებულია მოქალაქეების დასარწმუნებლად.