რუსეთს კიდევ 500 ათასი ჯარისკაცის მობილიზება სურს - უკრაინის დაზვერვა
იანვარში, ზამთრის არდადეგების შემდეგ, რუსეთი კიდევ 500 000 ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ The Guardian-ს 6 იანვარს განუცხადა.
დაზვერვის ინფორმაციით, მობილიზებული ოკუპანტები შეტევით ოპერაციებში გაზაფხულზე და ზაფხულში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთში ჩაერთვებიან.
სკიბიცკი მიიჩნევს, რომ სამხედრო ფორმირებების შესაქმნელად რუსეთის ფედერაციას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. მისი თქმით, ბრძოლის ველზე ნებისმიერი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად იქნებიან ისინი აღჭურვილი და გაწვრთნილი.
სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსები "აქცენტს აკეთებენ ხალხის და აღჭურვილობის რაოდენობაზე" და ამით "გამარჯვების იმედი აქვთ".