რუსეთში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა

27 თებერვალს, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა. ნემცოვი ზუსტად რვა წლის წინ მოკლეს. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

რუსეთის დედაქალაქში ხალხმა ყვავილები მიიტანა სპონტანურ მემორიალთან, რომელიც დანაშაულიდან მალევე გაჩნდა პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილზე. გამოცემა Сота წერს, რომ პოლიცია შერჩევით აჩერებდა გამვლელებს, თუმცა არავინ დაუკავებიათ. წარსულში კომუნალურმა სამსახურებმა არაერთხელ აიღეს ყვავილები და ფოტოები და დააკავეს აქტივისტები, მაგრამ მემორიალი არსებობას აგრძელებს. ბოლო დროს მემორიალს ხელისუფლება არ შეხებია.

Настоящее Время-ს ცნობით, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები ასევე იმართება ყაზანში, პერმში, ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში. ხალხმა ყვავილები დააწყო ექსპრომტად შექმნილ მემორიალებზე, რომლებიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლებთან არის შექმნილი.

ეკატერინბურგში, შრომის მოედანზე, ბორის ნემცოვის პატივსაცემად მოსახლეობამ მემორიალური საათი მოაწყო. სვერდლოვსკის ოლქის ხელისუფლებამ აკრძალა პორტრეტების, პლაკატების და სანთლების შემოტანა, მაგრამ მოქალაქეებს ყვავილების დადების უფლება მისცა.

ბარნაულში აქცია წინა დღეს გაიმართა, რომელიც ოპოზიციური პარტია Яблоко-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ძირითადი აქცია ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან გაიმართა. აქციას ადგილობრივმა მერიამ ხელი არ შეუშალა. ბარნაული, ალბათ, ერთადერთი ქალაქია რუსეთში, სადაც ხელისუფლება მსგავსი აქციების ჩატარების ნებართვას იძლევა.

ბორის ნემცოვის მკვლელობა

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, გვიან საღამოს, კრემლიდან ასი მეტრის მოშორებით მოკლეს. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის ხუთ მკვიდრს, რომელთა შორის იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრები - ზაურ დადაევი (უშუალო მკვლელი), ძმები ანზორ და შადიდ გუბაშევები, თემირლან ესკერხანოვი და ხამზათ ბახაევი.

ნემცოვის ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობიან და დარწმუნებული არიან, რომ ჩეჩნეთის ან რუსეთის ხელმძღვანელობა პოლიტიკოსის მკვლელობაში მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები