რუსეთში სამხედრო ბაზაზე ორი ვერტმფრენი აფეთქდა

რუსეთში, პსკოვის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველი მიზეზებით ორი ვერტმფრენი Ka-52 აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Baza 31 ოქტომბერს ავრცელებს.

რუსული გამოცემის ცნობით, ტექნიკა სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე იყო, რომელიც რუსეთ-ლატვიის საზღვართან მდებარეობს. Baza აღნიშნავს, რომ აეროდრომზე ვერტმფრენების შეკეთება მიმდინარეობდა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ 30 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ქვედანაყოფში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი სამხედროებმა ორი ვერტმფრენის მიმოფანტული ნამსხვრევები დაინახეს.

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიუზელაჟის ფრაგმენტები ირგვლივ 200 მეტრზე გაიფანტა. რა მიზეზით აფეთქდა Ka-52 უცნობია", - წერს Baza.

31 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის"  საჰაერო სარდლობამ განაცხადა, რომ დილის მასობრივი თავდასხმების დროს უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში 12 რუსული ფრთოსანი რაკეტა და ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები