რუსი ჰაკერები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდს დაესხნენ თავს
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვებგვერდი ორშაბათს კიბერშეტევის შედეგად გაითიშა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პრორუსმა ჰაკერებმა აიღეს. ამის შესახებ POLITICO წერს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ გავიმეოროთ ჩვენი ბოლო მოგზაურობა საფრანგეთში, სადაც გრძელდება აქციები მაკრონის წინააღმდეგ, რომელსაც არ აინტერესებს ფრანგების სურვილი და აგრძელებს უკრაინელი ნეონაცისტების "მსახურებას", მაინც არ ცხრება", - განაცხადა ჰაკერების ჯგუფმა NoName057(16)-მა თავის ტელეგრამის არხზე.
აღნიშნული კრემლის მომხრე ჰაკერული ჯგუფი დგას ბოლო თვეებში მომხდარი თავდასხმების უკან, მათ შორის პოლონეთის აეროპორტისა და მთავრობის ვებგვერდებზე მას შემდეგ, რაც ვარშავამ ლეოპარდის ტანკები მიაწოდა უკრაინას. ამავე ჯგუფმა ჰაკერული თავდასხმა განახორციელა დანიის, ჩეხეთისა და ლიეტუვის სამიზნეების წინააღმდეგ.
ეროვნული ასამბლეის ოფიციალურმა პირებმა franceinfo-ს განუცხადეს, რომ მათ ჯერ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ კიბერშეტევა რუსი ჰაკერებმა განახორციელეს, მაგრამ მუშაობენ "იდენტიფიკაციაზე."
ჰაკერების ჯგუფი აცხადებს, რომ მათი სამიზნე საფრანგეთის პარლამენტი მაკრონის ძალიან არაპოპულარული საპენსიო რეფორმის გამო იყო. მაკრონმა საპენსიო რეფორმა საფრანგეთის პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე, პრემიერის ექსკლუზიური საკონსტიტუციო უფლებით, კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გაიტანა.