რუსი მილიარდერი: ომის დაგმობის გამო კრემლმა ბანკის აქციები კაპიკებად გამაყიდინა

რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო მის მფლობელობაში მყოფი ტინკოვ ბანკის აქციები კრემლმა „კაპიკებად“ გააყიდინა.

New York Times-თან ინტერვიუში ბიზნესმენი ამბობს, რომ მომდევნო დღეს მის ოფისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და ტინკოვს ბანკის ნაციონალიზაცია აიძულეს.

„ფასის განხილვაც კი არ შემეძლო. ჩემი რაღაც განცხადებების გამო მაიძულეს, რომ აქციები კაპიკებად გამეყიდა“, - ამბობს ტინკოვი.

მისი თქმით, ბანკში კაპიტალი საბაზრო ღირებულების 3 პროცენტად დათმო.

მანამდე ტინკოვმა პირადი მცველების დაქირავების შესახებ განაცხადა, მას შემდეგ რაც მას რუსეთის სპეცსამსახურებიდან მუქარა შეუთვალეს.

გასულ თვეში ტინკოვმა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბანკის დამფუძნებელია, Instagram-ის საკუთარ ანგარიშზე რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის შესაღებ კრიტიკული განცხადება გაავრცელა და მეზობელ ქვეყანაში შეჭრას „სიშლეგე“ უწოდა.

„რუსების 90 პროცენტი ამ ომის წინააღმდეგაა...საიდან გვეყოლება კარგი არმია, თუ ყველაფერი დანარჩენი ქვეყანაში ნეპოტიზმში, მლიქვნელობასა და პირფერობაშია გასვრილი“, - წერს ტინკოვი 19 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში.

22 აპრილს ტინკოვ ბანკში განაცხადეს, რომ ტინკოვის „ანტისაომარი“ პოზიციის გამო სახელწოდებიდან მის გვარს ამოიღებენ.

რამდენიმე სხვა რუს ბიზნესმენთან ერთად, რომლებმაც დასავლური სანქციების გამო სერიოზული ზარალი ნახეს, ტინკოვი ღიად გამოდის უკრაინაში კრემლის აგრესიის წინააღმდეგ.

„გავაცნობიერე, რომ რუსეთი, როგორც ქვეყანა, აღარ არსებობს. [მანამდეც] მჯეროდა, რომ პუტინის რეჟიმი ცუდი იყო. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ყველაფერი ასეთ კატასტროფულ მასშტაბს მიიღებდა“, - განაცხადა ტინკოვმა ინტერვიუში.


2021 წელს Forbes-ის მიერ ტინკოვის ქონება 7,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მას შემდეგ, რაც მარტში დიდმა ბრიტანეთმა ბიზნესმენი სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სიაში შეიყვანა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ტინკოვის ბანკის აქციები 90 პროცენტით გაუფასურდა.

ბირჟაზე კრახის შედეგად ტინკოვმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა - მისი ქონება 800 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები