რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილში უახლესი ლაბორატორია გაძარცვეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია გაძარცვეს და გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის [ჩერნობილის] დახურული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, ლაბორატორია იყო "უნიკალური კომპლექსი მძლავრი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია მომსახურების გაწევა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, კონდიცირებიდან განადგურებამდე, აგრეთვე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ეტაპზე“.

"ევროკავშირის ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინსტრუმენტის (INSC) წყალობით,  პარტნიორ უკრაინულ სააგენტოსთან ერთად, 2015 წელს წარმატებით განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მივიღეთ თითქმის 100 ერთეული თანამედროვე ანალიტიკური მოწყობილობა, რომელსაც ევროპაში ანალოგი არ ჰყავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლაბორატორია ჩერნობილის დახურული ზონიდან რადიოაქტიური ნარჩენების ტესტირების სტრატეგიულ ფუნქციას ასრულებდა.  

"ლაბორატორიის ბაზაზე იყო ძალიან აქტიური რადიონუკლიდების ნიმუშები, რომლებიც მტრის ხელშია, რაც, ვიმედოვნებთ, ზიანს აყენებს მას და არა ცივილიზებულ სამყაროს", - აცხადებს სააგენტო.

მსგავსი სიახლეები