რუსული კატერის განადგურება - რა ვიცით და რით არის მნიშვნელოვანი
დილის 5 საათზე ქერჩის სრუტის მახლობლად უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაციის შედეგად განადგურებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მორიგი სამხედრო გემი.
ამჯერად საუბარია, საპატრულო კატერზე სახელწოდებით Сергей Котов. გავრცელებული ცნობების, მიხედვით, კატერზე შეტევის შედეგად განადგურებულია КА-29 ტიპის საბორტო ვერტმფრენი და საარტილერიო დანადგარიც, ხოლო კატერი იმ დროს ჩაიძირა, როდესაც მის ნავსადგურში ევაკუაციას ცდილობდნენ.
რა ვიცით
გასული ღამის განმავლობაში ანექსირებულ ყირიმში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა, თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა ყირიმის ხიდზეც. როგორც ჩანს სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა თავდასხმა რუსულ საპატრულო კატერზეც.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველომ ოფიციალურ შეტყობინებას თან დაურთო კატერის განადგურების ამსახველი კადრებიც. უწყების ინფორმაციით, განხორციელებული შეტევა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ერთობლივი ოპერაცია იყო.
უწყების ცნობით, შეტევა უკრაინული წარმოების Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონებით განხორციელდა.
რამდენიმე საზღვაო დრონის შესახებ იტყობინებოდნენ რუსი Z-ბლოგერებიც. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე ამ საპატრულო კატერზე ნადირობდა. ეს არ არის დაუცველი გემი, რომელიც ღია ზღვაში სამიზნედ გამოკიდეს. კატერის ეკიპაჟმა იცის, როგორ მოიგერიოს თავდასხმა ის აღჭურვილია ანტიდივერსიული ყუმბარმტყორცნებით, საარტილერიო დანადგარით და 2 საზენიტო სისტემით. მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეც ვითარდება, ამბობენ, რომ ეკიპაჟი ბოლომდე გმირულად ცდილობდა შეტევის მოგერიებას, მაგრამ ამჯერად ისტორიას ბედნიერი დასასრული არ აქვს"- წერს კომსომოლსკაია პრავდას სამხედრო კორესპონდენტი, ალექსანდრ კოცი.
მოგვიანებით კატერის ჩაძირვა სხვა ბლოგერებმაც დაადასტურეს, მათი ნაწილი წერს, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის მხოლოდ რამდენიმე მსუბუქად დაჭრილია და დაღუპულები არ არიან, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ГУР-ის მხრიდან ოფიციალური დადასტურების შემდეგ, მომხდარს საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოეხმაურა ზელენსკის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი.
"რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ოკუპაციის სიმბოლოა, მისი ყოფნა უკრაინულ ყირიმში დაუშვებელია",- წერს ერმაკი.
გასული ზაფხულიდან მოყოლებული რუსულ ფლოტზე შეტევები უფრო ინტენსიური გახდა - წარმატებული უკრაინული ოპერაციების შედეგად განადგურდა ან მძიმე დაზიანებები მიიღო რუსეთის დიდმა სადესანტო გემებმა, წყალქვეშა ნავებმა და სამაშველო კატარღებმა.
ბოლო ასეთი შეტევა უკრაინელებმა 14 თებერვალს განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც განადგურდა დიდი სადესანტო გემი Цезарь Куников.
რას წარმოადგენდა კატერი (Сергей Котов)
აღნიშნული კატერი ექსპლუატაციაში 2021 წელს შევიდა, ხოლო ფლოტის შემადგენლობაში უკვე 2022 წლის მაისში შევიდა.
ამ ტიპის კორვეტები რამდენიმე ამოცანის შესასრულებლად შეიქმნა, პოტენციურად აქ Калибр-ის ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობის დაყენებაც შესაძლებელია, თუმცა ამ პროექტის კატერების მთავარი ამოცანა პატრულირება და უფრო დიდი გემების დაცვაა.
ღია წყაროების მიხედვით, რუსეთის განკარგულებაში სულ 4 ასეთი კატერია და მათი ეკიპაჟი 80 მეზღვაურისგან შედგება. ამ ტიპის კატერები აღჭურვილია 76.2-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარით და 14.4-მილიმეტრიანი 2 ტყვიამფრქვევით. გარდა ამისა კატერს გააჩნია რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობა, მაგრამ ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი.
უკრაინის მიერ წარმოებული საზღვაო დრონები ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეიარაღებაა, რომლისგან მომავალი საფრთხის განეიტრალება რუსეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსეთის არმიას არ შეუძლია ამ დრონების აღმოჩენა და მათ მხოლოდ მაშინ ხედავს, როდესაც დრონები უკვე საბრძოლო გეზით პირდაპირ სამიზნისკენ მიემართებიან.