საბერძნეთში მეშვიდე დღეა კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთი ზედიზედ მეშვიდე დღეა ებრძვის ტყის ხანძარს კუნძულ როდოსზე, საიდანაც ასობით ტურისტის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როდოსზე, შაბათ-კვირას, დაახლოებით 20 000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები და სასტუმროები დაეტოვებინა. ერთი კვირის წინ გაჩენილმა ხანძარმა მიაღწია კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანაპირო კურორტებს.

ორშაბათს 2000-ზე მეტი დამსვენებელი დაბრუნდა სახლში თვითმფრინავით, სამშაბათს კი უფრო მეტი ფრენებია მოსალოდნელი. ტუროპერატორებმა ასევე გააუქმეს მომავალი მოგზაურობები.

საბერძნეთში ზაფხულში ხანძრები ხშირია, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ კლიმატის ცვლილებამ უფრო ექსტრემალური სიცხის ტალღები გამოიწვია სამხრეთ ევროპაში.

ასობით მეხანძრე, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან, ბერძენ კოლეგებთან ერთად იბრძვიან ხანძრის ჩასაქრობად სამხრეთ-აღმოსავლეთ როდოსის სოფლებში, რადგან ტყის ხანძრები კვლავ გაჩნდა სიცხისა და ქარის პირობებში.

23 ივლისს საბერძნეთში ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა - 46 გრადუსი ცელსიუსზე.

ტყის ხანძრებია საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე, კუნძულ კორფუზე და ათენთან, კუნძულ ევბეაზე.

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტუროპერატორმა TUI-მ განაცხადა, რომ როდოსზე მოგზაურობებს პარასკევამდე გააუქმებს. კომპანიამ განაცხადა, რომ კვირა საღამოს მდგომარეობით როდოსში მას 39 000 კლიენტი ჰყავდა.

მსგავსი სიახლეები