საფრანგეთი ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ევროკავშირის ქვეყნებს „მომდევნო კვირებში“ რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდა.

ლე მერის განცხადებით, საფრანგეთი მზადაა რუსული ქვანახშირის იმპორტზე სანქციები ნავთობზეც გაავრცელოს.

„ენერგეტიკის სფეროში რუსეთის უმთავრესი შემოსავალი ნავთობიდანაა. ყველაზე მეტად რუსეთს სწორედ ნავთობის იმპორტის შეჩერება დააზიანებს“, - თქვა მინისტრმა France Info-სთან ინტერვიუში.

თუმცა, ლე მერი აღნიშნავს, რომ ემბარგოს გამოცხადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი სჭირდება, რომლის მიღწევასაც დრო დასჭირდება.

„სხვა წევრი ქვეყნები ჩვენს გადაწყვეტილებაში უნდა დავარწმუნოთ“, - აცხადებს ლე მერი.

ევროკავშირი რუსეთიდან მოხმარებული ნავთობის მეოთხედს იღებს.

რუსულ ნავთობზე უკვე უარი თქვეს აშშ-მ და პოლონეთმა.

გერმანია რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას ეწინააღმდეგება და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებიდან თავის ეტაპობრივად დაღწევას უჭერს მხარს.

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან ყველა სახის ენერგომატარებლის იმპორტის აკრძალვას მოითხოვენ.

 

მსგავსი სიახლეები