სალივანი: კონფლიქტის ახლო აღმოსავლეთში გავრცელების რისკი რეალურია
ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების "გაზრდილ რისკს" ხედავს, რადგან ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები აგრძელებენ შეტევას რეგიონში განლაგებულ ამერიკულ ჯარებზე.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კვირას განაცხადა.
"ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს, რადგან მთელ რეგიონში ვხედავთ გაზრდილ საფრთხეებს ჩვენი ჯარების მიმართ და ამ კონფლიქტის რეგიონის სხვა ნაწილებზე გავრცელების გაზრდილ რისკს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისინი შევიკავოთ და ეს თავიდან ავიცილოთ," - თქვა სალივანმა.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა აღმოსავლეთ სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან დაკავშირებულ ორ სამიზნეზე.
აშშ-ის შეფასებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რეგიონში ამერიკის ავიაიერიშების შესახებ კითხვაზე სალივანმა ABC-ზე თქვა: "თუ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ ვუპასუხებთ და ვფიქრობ, ირანელებს ესმით ჩვენი გზავნილი."
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა დავიცვათ ჩვენი ძალები, გავზარდოთ ჩვენი სიფხიზლე და ვითანამშრომლოთ რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რათა ეს კონფლიქტი, რომელიც ამჟამად ისრაელსა და ღაზაში მიმდინარეობს, არ გადაიზარდოს რეგიონულ კონფლიქტში," - თქვა სალივანმა. "მაგრამ რისკი რეალურია და ფხიზლად ვართ და ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ მის შესაკავებლად და თავიდან ასაცილებლად სერიოზული, სისტემატური და უწყვეტია."