სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კანდიდატმა გაიმარჯვა
9 მარტს გამართულ სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატიული ბანაკის კანდიდატმა, იუნ სოკ იოლმა გაიმარჯვა.
იუნმა, რომელიც ხალხის ძალის პარტიის რიგებიდან იყრიდა კენჭს, მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლი ჯეი-მიუნგი ერთპროცენტიანი სხვაობით დაამარცხა.
ყოფილი გენერალური პროკურორი, მსოფლიოს სიდიდით მეათე ეკონომიკის ლიდერად ხუთი წლის ვადით აირჩიეს.
იუნი სამხრეთ კორეელებს მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის გადასინჯვას დაპირდა.
ის პრეზიდენტ მუნ ჯე ინი მთავრობას ფხენიანის მიმართ „შემრიგებლურ“ პოლიტიკაში ადანაშაულებს და ჩრდილოეთ კორეასთან უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ემხრობა.
„ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ვაპირებ, რათა ნებისმიერი საგარეო პროვოკაცია სრულად შევაკავოთ“, - აცხადებს იუნი.
მიუხედავად სამხედრო რიტორიკისა, კონსერვატორი პოლიტიკოსი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიურ არხებზე უარის თქმას არ აპირებს.
იუნი სეულის სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ალიანსის გაძლიერებას აპირებს.
არჩეული პრეზიდენტის პირველი სატელეფონო საუბარი აშშ-ს ლიდერთან შედგა.
იუნი იაპონიასთან ისტორიული უთანხმოებების აღმოფხვრის და ურთიერთობების ნორმალიზაციის ინიციატივით გამოდის.