სანდერსი ბაიდენს მოუწოდებს, ნეთანიაჰუსგან და მისი "საშინელი" ომისგან დისტანცირდეს
ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ბენიამინ ნეთანიაჰუსგან დისტანცირდეს და განაცხადა, რომ ისრაელის მხარდაჭერა არ ნიშნავს ქვეყნის პრემიერის მხარდაჭერას.
სანდერსის თქმით, აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც შეიძლება პროგრესულმა დემოკრატმა ამომრჩევლებმა ხმა არ მისცენ ბაიდენს 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
"იმედი მაქვს მას [ბაიდენს] ესმის, რომ შეიძლება იყო პრო-ისრაელი ნეთანიაჰუს და იმ საშინელი ომის მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც ის აწარმოებს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ," - განუცხადა სანდერსმა The Guardian-ს.
მას ჰკითხეს თუ რატომ არ მოითხოვა ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა ჰამასის წინააღმდეგ ომში, რამაც მისი პროგრესისტი კოლეგები აღაშფოთა და ეს ხომ არ გამოიწვევს მათში განხეთქილებას.
სანდერსმა უპასუხა: "ჩემი აზრით, დღის ბოლოს, ჩვენ კარგად ვიქნებით."
ვერმონტის სენატორმა თქვა, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტამ შეიძლება ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის გამეორება გამოიწვიოს.
გასულ თვეში გამოქვეყნებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმეტესობა უკმაყოფილოა ისრაელ-ჰამასის ომზე ბაიდენის რეაქციით. New York Times/Siena College-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა 57% ბაიდენის საქმიანობით უკმაყოფილოა, 33% - კმაყოფილი, დანარჩენებმა კი არ იციან.
გამოკითხვამ ასევე გამოავლინა განხეთქილება ახალგაზრდა ამომრჩევლებსა და უფროსებს შორის. კვლევის მიხედვით, 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის სამი მეოთხედი არ ეთანხმება ბაიდენის რეაქციას ამ კონფლიქტზე.
7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთში შიჭრნენ და 1200 ადამიანი მოკლეს, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
დაახლოებით 240 ადამიანი ტყვედ აიყვანეს, მათგან 136 ღაზაში ტყვეობაში რჩება.