სანდუ რუმინელებს: რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დახმარებას გთხოვთ
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გამოწვევების რიცხვი იზრდება. ამის შესახებ 29 ივლისს ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთობლივ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.
"ომის სიახლოვე ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოებას. ჩვენ ვაანალიზებთ იმ რისკებს, რომელთა წინაშეც ვიმყოფებით ქვეყნის შიგნით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ვუშვებთ ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე პესიმისტურს და იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი ეცდება მოლდოვაზე შეტევას, ჩვენ, ცხადია, დახმარებას ვითხოვთ", - განაცხადა სანდუმ.
იოჰანისმა სანდუს სიტყვების კომენტირებისას მას მხარდაჭერა აღუთქვა.
"ჩვენ ყველაზე ახლოს ვრჩებით მოლდოვის რესპუბლიკასთან და არ დაგტოვებთ, მიუხედავად იმისა, თუ რა ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ უბედური ომის შედეგად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.