სანდუმ პრო-რუს პოლიტიკოსს მოლოდვის მოქალაქეობა ჩამოართვა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მარგინალური პრორუსული რეგიონების პარტიისა და რუსეთში მოლდოვის დიასპორის კონგრესის ლიდერს, ალექსანდრ კალინინს მოქალაქეობა ჩამოართვა.
შესაბამისი განკარგულება მოლდოვის პრეზიდენტის ვებგვერდზე სამშაბათს გამოქვეყნდა.
კალინინისთვის მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი იყო მოქალაქეობის შესახებ კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის დარღვევა, კერძოდ, "უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევა."
ალექსანდრ კალინინი მოლდოვის რეგიონების პარტიის თავმჯდომარე 2016 წელს გახდა. 2020 წელს კალინინმა შეაგროვა ხელმოწერები საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად, მაგრამ მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით არ იყარა კენჭი.
კალინინი ღიად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან ფოტოებსა და ვიდეოებში ის ჩნდება სამხედრო ფორმაში, Z სიმბოლოთი, რომელსაც რუსული არმია იყენებს უკრაინის ომში და რომელიც აკრძალულია მოლდოვაში.
მოლდოველი პოლიტიკოსი ასევე მართავს აქციებს რუსი ჯარისკაცების მხარდასაჭერად - აგროვებს ფეხსაცმელსა და თბილ ტანსაცმელს, რომელსაც შემდეგ აწვდის ლუჰანსკის ოლქის ოკუპირებულ დასახლებებს.
ევროკავშირმა და კანადამ კალინინი სანქციების სიაში შეიყვანეს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობის გამო.