სანდუს თქმით, "ვაგნერს" მოლდოვაში გადატრიალების მოწყობა სურდა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" მის ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.
ამის შესახებ სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტმა დეტალების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ "ვაგნერი" მის ქვეყანაში გადატრიალების გეგმის უკან დგას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად ახდენს გავლენას მოლდოვისთვის გაზის მიწოდების, ჰიბრიდული თავდასხმების, მათ შორის კიბერინსტრუმენტების და პრორუსული სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის რეგიონთან დაკავშირებული საფრთხეების გამოყენებით.
"რუსეთი აპირებს მოლდოვაზე ზეწოლა გაზარდოს. მათ სცადეს ენერგეტიკის გამოყენება და ვერ შეძლეს. მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა და ვერ შეძლეს. ახლა კი ცდილობენ ჩვენს არჩევნებში დიდი ფულის გამოყენებით მასიურად ჩაერიონ," - თქვა სანდუმ.
მისი თქმით, მოლდოვის სადაზვერვო სამსახურებმა მინიმუმ 20 მილიონი ევრო აღმოაჩინეს, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად შევიდა.
"ინსტრუმენტები, რომლებსაც ისინი ქვეყანაში ფულის შემოსატანად იყენებენ, ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი უბრალოდ მოლდოველებს მოსკოვში, სომხეთის გავლით თვითმფრინავით გზავნიდნენ და ამ ადამიანებს დაახლოებით 10 ათასი ევრო ჩამოჰქონდათ. ახლახან ვნახეთ, რომ მათ ჩამოიტანეს საბანკო ბარათები, რომელიც დუბაიში გაიცა." - განმარტა მოლდოვის პრეზიდენტმა.
რუსეთის ხელისუფლება მოლდოვის პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკით უკმაყოფილოა.
პრეზიდენტმა მაია სანდუმ 13 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რაც მოიცავს თავდასხმებს სამთავრობო ინსტიტუტებზე და მძევლების აყვანას.