სანქციების გამო რუსეთში შესაძლოა საარჩევნო ყუთების დეფიციტი წარმოიქმნას

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას თქმით, სახელმწიფო კომპანია როსტეხმა შესაძლოა ვერ შეძლოს ბიულეტენების დამუშავების აპარატების რაოდენობის წარმოება. პამფილოვას თქმით, პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში დასავლური სანქციების გამო არ არის საკმარისი ნაწილები.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა The Insider ავრცელებს

ამ დროისთვის რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 2010 და 2017 წლებში წარმოებულ ელექტრონუl საარჩევნო ურნებს იყენებს. 2021 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების დროს, ურნებთან დაკავშირებით რამდენიმე ფუნდამენტური ხარვეზი გამოვლინდა. 

გასულ თვეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ათასამდე ახალი ელექტრონული საარჩევნო ურნის შესყიდვას გეგმავდა, თუმცა უწყებამ შეკვეთის გაფორმება სანქციების დაწესებამდე ვერ მოასწრო. 

24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა, რის შედეგადაც რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებულ სახელმწიფოდ გადაიქცა. 

მათ შორის სანქციები დაუწესეს რუსეთის ცესკოს თავმჯდომარეს ელა პამფილოვასაც. რუსეთის ბაზარი დატოვა 200-მდე საერთაშორისო კომპანიამ, კიდევ 400-მა კომპანიამ რუსეთში საქმიანობის მასშტაბი შეამცირა. 

მსგავსი სიახლეები