საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს, მაკრონის პარტია მეხუთე ადგილზეა

საფრანგეთში გამართული რეგიონული არჩევნების შედეგები ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ძალისთვის - ემანუელ მაკრონის და მარინ ლე პენის პარტიებისთვის მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე დასრულდა.

პრეზიდენტ მაკრონის პარტიამ ქვეყნის მასშტაბით 10%-ზე ოდნავ მეტი მიიღო და მეხუთე ადგილზე გავიდა. მისი პარტიის, En Marche-ის ერთ-ერთმა დეპუტატმა ორორ ბერჟემ არჩევნების შედეგებს “სახეში სილის გაწნა” უწოდა.

პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ვერ შეძლეს მხარდამჭერების მობილიზება. 

საფრანგეთში რეკორდულად დაბალი იყო აქტივობა - მოსახლეობის 68% არჩევნებზე არ მივიდა.  

არჩევნების მთავარი გამარჯვებული მემარჯვენე-ცენტრისტი რესპუბლიკელები არიან, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით 29.3% მიიღეს. პარტიამ 7 რეგიონში დაიკავა პირველი ადგილი. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი გამარჯვება საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც წარსულში პირადად მარინ ლე პენი იყრიდა კენჭს. რეგიონი ულტრამემარჯვენე პარტიის ერთ-ერთ დასაყრდენად ითვლება ქვეყანაში. რესპუბლიკელების კანდიდატმა ქსავიე ბერტრანმა ხმების 41.4% მიიღო, მეორე ადგილზე კი ლე პენის პარტიის კანდიდატი სებასტიან შენუ გავიდა - 24.3%. 

ბერტრანის გამარჯვება მნიშვნელოვანია მომავალ წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტშიც, რადგან ის რესპუბლიკელების კანდიდატად მოიაზრება.

საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში, ილ დე ფრანსში, სადაც პარიზი მდებარეობს, რესპუბლიკელების კანდიდატი ვალერი პეკრესი ლიდერობს ხმების 36%-ით.

ო-დე-ფრანსის რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი და რესპუბლიკელების შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი ქსავიე ბერტრანი

 

მოსალოდნელზე მცირე იყო მარინ ლე პენის პარტიის მხარდაჭერა. “ეროვნული გაერთიანება” ქვეყნის მასშტაბით ხმების 19.1%-ით მეორე ადგილზეა და 8 რეგიონში მეორე ტურში გავიდა.

მათი მთავარი სამიზნე პროვანსი და ლაჟვარდოვანი სანაპიროს რეგიონი იყო, სადაც პარტიას სარკოზის მთავრობის ყოფილი მინისტრი ტიერი მარიანი უდგას სათავეში. ულტრამემარჯვენეები რეგიონში რესპუბლიკელების ტრადიციული მხარდამჭერების მიმხრობას გეგმავდნენ, თუმცა, ეს არ გამოუვიდათ. ლე პენის პარტიამ ხმების 36.4% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე ადგილი კი რეგიონული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა რენო მუსელიემ დაიკავა - 31.9%. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურში “ეროვნული გაერთიანების” კანდიდატის წინააღმდეგ ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერის მობილიზება მოხდება.

არჩევნების შედეგებზე მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მისი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა.

მესამე ადგილზე საფრანგეთის სოციალისტური პარტია გავიდა ხმების 16.5%-ით და 5 რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.

მძიმე მარცხი იწვნია ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა ალიანსმა “La République En Marche (LREM)”. თუმცა, პარტიის წევრები ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივ არჩევნებს თავისი სპეციფიკა აქვს, სადაც დაბალი აქტივობის პირობებში არჩევნებზე მისული ამომრჩეველი ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფ და კარგად ნაცნობ პოლიტიკოსებს უჭერს მხარს. მარკონის პარტია კი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს.

Journal du Dimanche-ის ბოლო კვლევის თანახმად, ფრანგების 49% თვლის, რომ მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანების" ნებისმიერ დონზე ხელისუფლებაში მოსვლა “დემოკრატიისთვის საფრთხეა”.

საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტურები 27 ივნისს ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები