სავარაუდოდ, რუსეთი უფრო ფართო მობილიზაციისთვის ემზადება - ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო ფართო სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ შაბათს, Twitter-ზე გამოქვეყნებულ დაზვერვის რეზიუმეში აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის წევრებმა ორშაბათს წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ჯარში 18-27 წლის მამაკაცების ნაცვლად, 21-30 წლის კაცებს გაიწვევენ. სავარაუდოდ, კანონს მიიღებენ და ის 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
ბრიტანული მხარე თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სურს შეცვალოს ასაკობრივი ჯგუფი, რადგან 18-დან 21 წლამდე ასაკის ბევრი მამაკაცი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის გზით ახერხებს გაწვევისგან გათავისუფლებას. ასაკობრივი დიაპაზონის ზრდა უზრუნველყოფს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ სტუდენტების ნაწილს მაინც მოუწევს ჯარში იმსახუროს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის სექტემბერში 300 000-მდე რეზერვისტის ნაწილობრივი მობილიზების ბრძანება გასცა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი მასობრივი გაწვევა იყო, რასაც რუსეთში საპროტესტო აქციები და ახალგაზრდა კაცების ნაწილის მიერ ქვეყნის დატოვება მოჰყვა.
The Times-ის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებას, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 1.15 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაზრდასთან დაკავშირებით.