СБУ-ს მიმართვის შემდეგ, პოროშენკო საზღვარგარეთ არ გაუშვეს
უკრაინის ექს-პრეზიდენტის, პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერის, პეტრო პოროშენკოს მივლინება პოლონეთსა და შეერთებულ შტატებში მას შემდეგ გაუქმდა, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მინისტრთა კაბინეტს და უმაღლეს რადას რუსეთის მიერ შესაძლო პროვოკაციაზე მიმართა.
ამის შესახებ СБУ-მ 2 დეკემბერს განაცხადა.
"СБУ-მ და უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე პროვოკაციების მომზადების შესახებ. მტრის მთავარი მიზანია შეამციროს უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და შეეცადოს უკრაინული საზოგადოების შიგნიდან გახლეჩვას." - განაცხადა უკრაინის სპეცსამსახურმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ კონტექსტში გაუქმდა პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საზღვარგარეთ, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ის აპირებდა შეხვედრას "პუტინის მეგობართან," უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან.
მას შემდეგ რაც СБУ-მ რადას "წინადადებით მიმართა, მხედველობაში მიიღეს ინფორმაცია მტრის გეგმების შესახებ უკრაინის დელეგაციების საგარეო მივლინების ორგანიზებისა და კოორდინაციისას," პარლამენტის ხელმძღვანელობამ "უკრაინელ დეპუტატს" არ მისცა უცხოეთში მივლინების ნებართვა, რომელიც "უნდა გამხდარიყო ინსტრუმენტი რუსული სპეცსამსახურების ხელში."
წინა დღით, თავად პოროშენკომ ფეისბუქზე განაცხადა, რომ უკრაინიდან არ გაუშვეს, თუმცა მივლინების ნებართვა რადას სპიკერის ხელმოწერით ჰქონდა.
მაშინ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტის მივლინება პარლამენტმა გააუქმა.