სენატორი შუმერი: უკრაინის დასახმარებლად რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციას განვიხილავთ

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა დაადასტურა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი, რომელსაც კონგრესი განიხილავს, აშშ-ს მთავრობას რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის და მიღებული სახსრების კიევისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

„უკრაინას ყოველგვარი დახმარება სჭირდება, რომლის მიღებაც შეუძლია. ჩვენ კი ყველა სახსრები გვჭირდება, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად თავს მოვუყრით“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ნიუ-იორკიდან.

„დროა, სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქებმა თავიანთი უკანონოდ ნაშოვი ქონებისთვის პასუხი აგონ“, - თქვა შუმერმა პრეს-კონფერენციაზე.

იახტები, ვილები, ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენები - შუმერმა აშშ-ში რუსი ოლიგარქების ქონება დაასახელა, რომელთაც კონფისკაცია ემუქრებათ.

„შეიძლება იკითხოთ, ფლობენ თუ არა [რუსი ოლიგარქები] ქონებას ნიუ-იორკში? რა თქმა უნდა, ბლომად“, - ამბობს შუმერი.

გასულ კვირას უკრაინისთვის დახმარების 33 მილიარდ დოლარიანი პაკეტის ფარგლებში ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინის სასარგებლოდ კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენების ქონების კონფისკაციას აპირებენ.

რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო კიევში დასავლეთისგან როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური დახმარების საჭიროებაზე საუბრობენ.

The Economist-ის პროგნოზით, ომის ფონზე უკრაინის ეკონომიკა წელს შესაძლოა განახევრდეს.

 

 

მსგავსი სიახლეები