სენატორთა ორპარტიული ჯგუფი უკრაინისთვის შორი რადიუსის დრონების გადაცემას ითხოვს

ამერიკელ სენატორთა ორპარტიული ჯგუფი აშშ-ს თავდაცვის მდივანს უკრაინისთვის შორი მოქმედების დრონების გადაცემას ითხოვს. საუბარია Gray Eagle-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს

ლოიდ ოსტინისთვის განკუთვნილ წერილში სენატორები წერენ, რომ დრონები დაეხმარება უკრაინას გათავისუფლებული ტერიტორიების დაცვასა და ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებაში. 

"MQ-1C-ის ტიპის დრონების უკრაინისთვის გადაცემის დადებითი გრძელვადიანი ეფექტი ხელშასახებია და შესაძლოა შეცვალოს ომის სტრატეგიული ტრაექტორია",- ნათქვამია წერილში. 

16 სენატორისგან შემდგარ ჯგუფში არიან: ჯონი ერნსტი აიოვადან, ჯეიმს ინჰოფი ოკლაჰომადან, ასევე სენატორები დემოკრატიული პარტიიდან - ტიმ კეინი, ჯო მანჩინი და მარკ კელი. 

ამერიკელი კანონმდებლები წერილში ხაზს უსვამენ ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ უკრაინას ეკუთვნის იმის საპირწონე შეიარაღება აშშ-სგან, რაც რუსეთმა მიიღო. 

"აღნიშნული სისტემების კრიტიკული მახასიათებლები - ხელმისაწვდომობა, ლეტალურობა, გამძლეობა შესაბამისობაშია უკრაინის არმიის ხელთ არსებულ შეიარაღების სისტემებთან და დრონების გადაცემა გაზრდის უკრაინის არმიის შესაძლებლობებს", - წერენ სენატორები.

ამერიკელი კანონმდებლები მიუთითებენ, რომ აღნიშნული დრონების გამოყენების წვრთნებისთვის სულ 27 დღე იქნება საკმარისი, რის შემდეგაც უკრაინელი მებრძოლები შეძლებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებისთვის საფრთხის შექმნას და საზღვაო ბლოკადის შემსუბუქებას, რასაც დადებითი ეფექტი ექნება როგორც უკრაინის ეკონომიკის მდგრადობაზე, ასევე სურსათის გლობალურ ფასებზეც. 

კონტექსტი 

დასავლურ მედიებში გაჟონილი ინფორმაციით, ამერიკულმა ადმინისტრაციამ რამდენიმეჯერ უარყო უკრაინელების შესაბიმისი თხოვნა. 

პენტაგონის მაღალჩინოსნების აზრით, აშშ-ს თავშეკავება განპირობებულია არა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შიშით, არამედ იმ მგრძნობიარე ტექნოლოგიით, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატშია ჩაშენებული. პენტაგონში შიშობენ, რომ დრონი რუსეთის არმიის ხელში ჩავარდება, რაც ტექნოლოგიის კომპრემიტირების ტოლფასი იქნება. 

მიუხედავად ამისა, გასულ კვირებში CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პენტაგონში სწავლობენ დრონების შეცვლილი მოდიფიკაციით გადაცემის შესაძლებლობას, რომელიც თავისუფალი იქნება სენსიტიური ტექნიკური დეტალებისგან. 

თავის მხრივ, უკრაინის მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს General Atomics-ში, დრონების მწარმოებელ კომპანიაში. 

დაახლოებით ერთი თვის წინ დრონების გადაცემა მოითხოვეს აშშ-ს წარმომადგენელთა ქვედა პალატაშიც. 

Grey Eagle-ი Hellfire-ის ტიპის რაკეტებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც 30 საათის განმავლობაში 8 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა და 4 რაკეტის ტარება. 

დრონი უკრაინას არამხოლოდ დამატებითი საცეცხლე სიმძლავრით უზრუნველყოფდა, არამედ, მნიშნველოვნად გააუმჯობესებდა უკრაინის სადაზვერვო შესაძლებლობებს. 

 

მსგავსი სიახლეები