სენატში უკრაინის საკითხზე გამართული ბრიფინგი რესპუბლიკელებმა დატოვეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ჩანიშნული ბრიფინგი, რომელიც უკრაინის საკითხს ეხებოდა და რომელზეც დახმარების ახალი პაკეტის პირობები უნდა განეხილათ ფაქტობრივად ჩაიშალა.
AFP-ის ინფორმაციით, ბრიფინგის დაწყებიდან მალევე რესპუბლიკელებმა მოითხოვეს სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებებზე საუბარი, რაც უკრაინის დამხარების მხარდასაჭერად მათი მთავარი წინაპირობაა.
აღნიშნულ ბრიფინგზე ვიდეო ჩართვით უნდა გამოსულიყო უკრაინის პრეზიდენტი, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა სენატში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო.
ბრიფინგი პროტესტის ნიშნად დატოვა იუტის სენატორმა, მიტ რომნიმ - მისი თქმით, დემოკრატიულ პარტიის წევრებს არ ჰქონიათ არანაირი შემოთავაზება, რომელიც საზღვარზე ვითარების გაუმჯობესებას შეეხებოდა.
"ბრიფინგზე საუბრობდნენ ისეთ ამბებზე, რომელსაც ნებისმიერ გაზეთში ამოვიკითხავთ, ამ გამოსვლებში არ ყოფილა არაფერი ახალი. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ უნდა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება".- ციტირებს AFP მიტ რომნის.
კონტექსტი
უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე კენჭისყრა სენატში დღეს უნდა გაიმართოს - მოსალოდნელია, რომ საზღვრის საკითხზე კომპრომისის გარეშე კონგრესი არ დაუჭერს მხარს ახალ პაკეტს.
4 დეკემბერს თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორმა კონგრესი გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი დაფინანსება წლის ბოლომდე ამოიწურება.
"არ არსებობს არანაირი ჯადოსნური სკივრი ფულით, ჩვენ თანხები უბრალოდ ამოგვეწურა და თითქმის ამოგვეწურა დროც",- ნათქვამია შალანდა იანგის წერილში.
ტრამპის მხარდამჭერი რესპუბლიკელების მცირე ჯგუფის გავლენით კონგრესი ამ დრომდე ვერ ახერხებს ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული პაკეტის კენჭისყრას - 100 მილიარდიანი პაკეტში გაერთიანებულია უკრაინისა და ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტები. აქედან 60 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განკუთვნილი.
კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ისრაელისა და უკრაინის დახმარების განცალკევება მოითხოვა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცების სანაცვლოდ რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ.
სწორედ ამ საკითხში კომპრომისზე იქნება დამოკიდებული უკრაინის დახმარების ბედიც. 28 ნოემბერს კონგრესის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ დახმარების ახალ პაკეტს კონგრესი შობამდე მიიღებს.